„ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუქარის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ აქციონერებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ მათ შინაგან საქმეთა მინისტრი აშანტაჟებდა.

„კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ჩვენ ბიზნესზე უპრეცედენტო ზეწოლის მომსწრენი გავხდით. „თიბისი ბანკის“ აქციონერებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ მათზე შანტაჟს ახორციელებდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. მას ჰქონდა მრავალი მოთხოვნა, როგორც ჩანს, პოლიტიკური ხასიათისაც და ამ მოთხოვნებს წერილობითი ფორმით წერდა. შანტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს მამუკა ხაზარაძის ხელთ. ეს არის წარმოუდგენელი სითავხედე, წარმოუდგენელი ძალადობა, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვითხოვთ, დღესვე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე და გიორგი გახარია გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.

მისი შეფასებით, დღევანდელი განხილვიდან აშკარაა, რომ პროცესი საფინანსო სფეროს გასცდა, მათ შორის „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის პორტის პროექტის საკითხს.

„ჩვენ დღეს ვხედავთ ხელისუფლების ძალადობას ყველა მიმართულებით. ყველაზე სავალალო კი არის ის, რომ დღევანდელი განხილვის შემდეგ, უდიდესი ალბათობით, ანაკლიის პროექტი შეიძლება, ჩაიშალოს. შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს შემთხვევა იქნება ქვეყნის ინტერესების ღალატი. რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, ამაზე დასკვნა არის ასეთი: „თიბისი ბანკზე“ შეტევას ჰქონდა მრავალმხრივი ხასიათი. ეს იყო ზეწოლის იარაღი, ანაკლიის პორტის გაკონტროლების იარაღი, ეს იყო ფინანსური ნაკადების და „თიბისი ბანკის“ ხელში ჩაგდების ინსტრუმენტი და ეს იყო ფინანსურად თუ პოლიტიკურად პოტენციურად გავლენიანი პირების ნეიტრალიზების კამპანია“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ეს თუნდაც სავარაუდო კონკურენტების ჩამოცილების მიზნით, კლასიკური პოლიტიკური დევნაა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი მეზურნიშვილი მამუკა ხაზარაძეს მიმართავს, რატომ არ გაუჩნდა სურვილი, მუქარის წერილი მომენტალურად მიეტანა პროკურატურაში
შემდეგი სტატია„ბიჭოთი ელაპარაკე შენნაირ სულელებს” – დაპირისპირება და ხმაური პარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე