“ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის 79 ოლქს, 16 უბნის მონაცემების ბათილად ცნობას ან გადათვლის მოთხოვნით მიმართავს

“ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის 79 ოლქს, 16 უბნის მონაცემების ბათილად ცნობას ან გადათვლის მოთხოვნით მიმართავს. საჩივრებს, დოკუმენტაციასთან ერთად პარტიის იურისტები 6 საათამდე ოლქში წარადგენენ.

პარტიის აჭარის ორგანიზაციის ლიდერი, ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ აჭარაში არჩევნები გაყალბდა.

“მხოლოდ აჭარაში 24 ათასზე მეტი ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი, იყო კარუსელები, ოქმებში დიდი უზუსტობაა და გადაწერილი მონაცემები, დალუქული ამომრჩეველთა სია არის გახსნილი და ხელმოწერები დამატებული, ვიდეოზე წარმოდგენილია ეს ვიზუალური მასალა. ამ მასალებს გავაგზავნით ოლქში და ყველაფერს ვიზამთ, რომ ჩვენი ხმები დავიცვათ სამართლებრივად. ჩვენს ამომრჩეველს მადლობას ვუხდი და ვეტყვი, რომ ყველა ამ ფაქტზე ჩვენ ვიდავებთ სამართლებრივად”, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

პარტიის ოფისში 65-ე უბანზე გადაღებული ვიდეომასალაც წარმოადგინეს საილუსტრაციოდ, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით გაიხსნა დალუქული სიები.

კითხვაზე, ხედავენ თუ არა აზრს მიიღონ მეორე ტურში მონაწილეობა, ლევან ვარშალომიძის განმარტებით, 2 დღეში მიიღებენ გადაწყვეტილებას.

“ჩვენ ვდაობთ სამართლებრივად, დაველოდოთ შედეგებს. ამის შემდეგ გვეცოდინება ყველას, გვიღირს თუ არა შემდეგ ტურში მონაწილეობის მიღება. ეს არჩევნები ტესტი იყო აჭარის ხელისუფლების დემოკრატიაზე და მათ ეს ტესტი ვერ ჩააბარეს”- აცხადებს ლევან ვარშალომიძე.

banner
წინა სტატიაში“ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია გააჩეროს ივანიშვილის მცდელობა საბოლოოდ გადააქციოს ეს ქვეყანა საკუთარ სათამაშოდ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
შემდეგი სტატიადავით ჯანდიერი: მე გარკვეულ ტაიმ აუტს ვიღებ, პარტიაში შექმნილი ვითარება არ არის იოლი