„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჰორიზონტალური მმართველობის მოდელზე გადადის, სადაც გადაწყვეტილებებს ერთპიროვნული ლიდერის ნაცვლად კოლექტიური ორგანოები მიიღებენ. ამის შესახებ პარტიის დროებითი მმართველი საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
“ვიცით, რომ ვინც იქნება პირველი [ლიდერი], შეიძლება ის ხვალ აღმოჩნდეს ციხეში. ჩვენი პასუხისმგებლობა ახლა არის ის, რომ პარტია სტრუქტურულად და ორგანიზაციულად გადაეწყოს ისე, რომ მოახდინოს ტრანსფორმაცია ნებისმიერ სცენარზე, რომელიც ქვეყანაში დადგება,“ — აღნიშნა ფარულავამ.
მისი თქმით, შეიქმნება სათათბირო ორგანო — პოლიტიკური საბჭო, რომლის გადაწყვეტილებებსაც აღმასრულებელი ორგანო — მმართველი საბჭო აღასრულებს. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი რჩება, ხოლო ირაკლი ნადირაძე მმართველი საბჭოს წევრი იქნება. აღნიშნული სტრუქტურა 6 თვის ვადით იმუშავებს, რის შემდეგაც შიდაპარტიული არჩევნები (პრაიმერიზი) გაიმართება. ნანუკა ჟორჟოლიანის მოძრაობა პარტიისგან დამოუკიდებლად იმოქმედებს და „გარე თვალის“ ფუნქციას შეასრულებს — გასცემს რეკომენდაციებს და გააკეთებს კრიტიკულ შეფასებებს.
ლაშა ფარულავას თქმით, პარტიის მიზანია სტრუქტურული გადაწყობა, საზოგადოებასთან ნდობის აღდგენა და ახალი სახეების მოზიდვა.















