ნაცებისა და ქოცების ანტიეროვნული, ცრურელიგიური, დექრისტიანული და ეგოისტური ჭიდილი უკვე ყელშია ამოსული

ძალიან მძიმე და ტრაგიკულ მდგომარეობაშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა, პოლიტიკური ისტაბლიშმენტი და მისი სამომავლო მიზნები თუ ამოცანები. ფაქტობრივად ორი გამოკვეთილი პერსონა: ივანიშვილი და სააკაშვილი – ცდილობს, რომ საზოგადოება დაარწმუნოს ორპოლუსიან რეალობაში. “ქართული ოცნების” კონტენტი თავიდან ბოლომდე აგებულია ნაცების 9 წლიანი მმართველობის კრიტიკაზე (უკვე თითქმის 8 წელია ეს გვესმის, რასაც რიგითი მოქალაქისთვის ყავლი გაუვიდა) და არა მათ მიერ მომუშაკებულ აქტივზე, ხოლო ნაცების ნარატივი მთლიანად აგებულია სააკაშვილის პიროვნების საკრალიზაციასა და იდეალიზაციაზე, რომელიც წარმოდგენილია მესიად და როგორც მაცხოვარი უნდა მოვიდეს მეორედ, ვითარცა ყოველთა განმკითხველი, დაახლოებით ასეთივე და კიდევ უფრო რევანშისტული წყურვილი ჰკლავთ მათ ლიდერებს, რომელნიც სხვადასხვა პირთა ქონების კონფისკაციით, ექსპროპრიაციითა და დაპატიმრებით იმუქრებიან. როგორც მაო ძედუნი იტყოდა: “მავანთათვის პოლიტიკა არის ხელოვნება, მდიდრებისაგან ფული, ღარიბებისაგან კი ხმა მიიღო იმ საბაბით, რომ ერთს მეორისაგან დაიცავ”.

“ქართული ოცნების” კაპიტალი სააკაშვილის საფრთხობელობაზე დგას. უბედურებაც სწორედ ეს არის, რომ ამომრჩეველსა და ელექტორატს არცერთი ძალა არ სთავაზობს რეალისტურ, პრაგმატულ და ჯანსაღ პერსპექტივას! პრაქტიკულად ამ ორიდან არცერთს არ გააჩნია ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური პროგრესისა და განვითარების დამაჯერებელი გეგმა.

სააკაშვილი ძველებურად ავანიურისტობს, კვლავაც “გვირაბს თხრის” კიევიდან -თბილისამდე, ხოლო ივანიშვილი ქვეყნის ერთადერთ პრობლემად ისევ აპატრიდ სააკაშვილს მიიჩნევს. რიგითი მოქალაქეები ვცხოვრობთ ამ გროტესკულ ბალმასკარადში და ვხედავთ, რომ ოდესღაც ულტრალიბერალი სააკაშვილი უეცრად გვევლინება მემარჯვენე ცენტრისტად, კონსერვატორად და მორწმუნედ, ხოლო ფსევდოლიბერალი ივანიშვილი კი რომელიც “ისეთ დემოკრატიას გვპირდებოდა, რომ მსოფლიოს გაოცებას აპირებდა” – მოგვევლინა ავტორიტარ მმართველად.

ამ ფონზე, გაზრდილია ნიჰილიზმი, ინდიფერენტიზმი და უიმედობამდე დასული გულგრილობა საზოგადოებაში, რომელსაც პატიოსნება, კანონიერება, ღირსება და ხსნა სწყურია!

საბჭოთა მეხსიერება, მენტალიტეტი და ჰომოსოვიეტიკუსის ცნობიერება კვლავაც აჩრდილივით მოგვდგამს ხალხს და პასუხისმგებლიანი, სოლიდარული, დემოკრატიული და ქრისტიანული ღირებულებების ტვირთვა გვიჭირს. ძნელია, როცა ადამიანის პირველადი ამოცანა ფიზიკური გადარჩენა და არსებობაა, მაღალ მატერიებზე დააფიქრო სოციუმი, რაც კარგად უწყის ივანიშვილმა და რაც ასევე წარმატებით იცოდა სააკაშვილმაც. ცოტა პური და ბევრი სანახაობა; ფასებშეთანხმებული, უკონკურენტო და მონოპოლისტი ბიზნესელიტა, ანუ სამთავრობო კარტელი – აი ეს არის ჩვენი ამჟამინდელი სინამდვილე. შედეგად კი გაღატაკებული ხალხი, ინფლაციაგანცდილი ვალუტა, გაზრდილი ფასები, მასობრივი დეპრესია, გაზრდილი კრიმინალი და სიკვდილიანობა.

ნაცებისა და ქოცების ანტიეროვნული, ცრურელიგიური, დექრისტიანული და ეგოისტური ჭიდილი უკვე ყელშია ამოსული. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი, ლაღი, განათლებული და დემოკრატიული მსოფლშეგნების პოლიტიკოსები, რომელთაც თვისობრივად არც კომუნისტური ნოსტალგია, არც “მოქალაქეთა კავშირის” ფესვები, არც ნაცების კომპლექსები და არც ქოცების უნიათობა არ ექნებათ.

ნაცები დაღუპა რეფლექსიის, თვითკრიტიკისა და შეცდომებზე ვერსწავლის სიჯიუტემ, ხოლო ქოცებს კი უცოდინრობა, უპასუხისმგებლობა, რუსეთთან ფლირტი და სიხარბე ღუპავთ!

გაზულუქებულ საპატრიარქოსთან მიტმასნილი ეს ორი პოლიტიკური სექტა, თავისი “მრევლითურთ” უკვე ძალიან მომაბეზრებელი, საცოდავი და მავნებელი ძალაა ხვალინდელი დღისათვის…

დაე, ქრისტემ იხსნას საქართველო მოჯადოებული წრისგან!

გიორგი ტიგინაშვილი

banner
წინა სტატიაშიახალი ავტობუსები ხვალიდან მარშრუტებზე გადანაწილდებიან
შემდეგი სტატიასააკაშვილი: რომან შამათავა საქართველოს ნამდვილი გმირი მრავალი წელია ლპება ციხეში