„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“-პრემიერის ახალი ინიციატივა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარმოადგინა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც პირველ რიგში, ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე უალტერნატივო ნაბიჯია.

„ეს არის ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.

ეს არის კიდევ ერთი ღია განაცხადი, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, აუცილებლად გაგრძელდება. მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, ეს არის ჩვენი ურყევი კურსი, რომელიც თანმიმდევრულად გაგრძელდება. ეს არის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ გამოწვევებს და, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენასა და შერიგების პროცესის გააქტიურებას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის შემუშავებაშიც მთავრობასთან ერთად ჩართული იყო ასევე საპარლამენტო უმრავლესობაც, სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს.

„პირველი – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დამაკავშირებელი ინდივიდუალური და საერთო ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.

მეორე – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდები, მათი განათლება და კეთილდღეობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ეს არის სწორედ ის თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს ერთად გაერთიანებულ საქართველოში და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობის პროცესში.

მესამე მიმართულებაა ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ცდილობენ ინფორმაციის მოპოვების არხები სახელმწიფო სტრუქტურებში შიქმნან
შემდეგი სტატიამთავრობა ახალი მასშტაბური საგადახადო ინიციატივებით გამოდის