N5 დაწესებულებაში საახალწლო კონცერტი გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში „ქუჩის ბიჭებმა“ და ზურაბ დოიჯაშვილმა წინა საახალწლოდ კონცერტი გამართეს.

მომღერლებმა საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილი ჰიტები შეასრულეს და მსჯავრდებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ღონისძიებაზე მსჯავრდებულებმა ზურაბ დოიჯაშვილთან ერთად მუსიკალური ნომერიც შეასრულეს.

მომღერალმა ზურაბ ხაჩიძემ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კონცერტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

„სურვილი გვქონდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად გაგვეკეთებინა ერთობლივი ღონისძიება და წინასწარ მიგველოცა მსჯავრდებულებისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი, სიმღერით გამოგვეხატა მათდამი დამოკიდებულება და სიყვარული. მინდა სამინისტროს კონცერტის ორგანიზებისთვის მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა ზურაბ ხაჩიძემ.

N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს მსჯავრდებულების საზოგადოებაში ინტეგრაციას.

წინა საახალწლო ღონისძიება N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა ლარიზაციის ცვლილებების პაკეტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: 2017 წელი იქნება ცვლილებების წელი