N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის სამედიცინო პრევენციული გამოკვლევები ჩატარდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო პრევენციული გამოკვლევები ჩატარდა.
პრევენციული გამოკვლევების ფარგლებში, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მომსახურება 12-მა სხვადასხვა პროფილის ექიმ-კონსულტანტმა გაუწია, მათ შორის ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, უროლოგი, რენტგენოლოგი, რევმატოლოგი, ტრავმატოლოგი, ფსიქიატრი, ნეიროქირურგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, გასტროენტეროლოგი, დერმატოლოგი და სხვა. ჩატარდა სულ 162 კონსულტაცია, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებიც.
პრევენციული გასინჯვების მიმდინარეობის პროცესს დაწესებულებაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე დაესწრნენ.
თამთა დემურიშვილის განცხადებით, მსგავსი გამოკვლევები ყოველ ექვს თვეში ტარდება, N3 დაწესებულებაში კი, უკვე მეორედ მიმდინარეობს.
„პენიტენციურ სისტემაში უკვე ორი წელია სისტემატიურად მიმდინარეობს სამედიცინო პრევენციული გამოკვლევები. აღნიშნული აქციის ფარგლებში, N 3 დაწესებულებაში 12 სხვადასხვა პროფილის ექიმი იმყოფება, მათ შორის არიან როგორც ჩვენი კონსულტანტი ექიმები სამოქალაქო სექტორიდან, ასევე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო კონსულტაციების გარდა, დიაგნოსტიკური კვლევებიც ტარდება“, – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ლევან გორგილაძის განცხადებით, პრევენციული გამოკვლევების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია და ის ხელს უწყობს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.
„ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროფილაქტიკური გასინჯვები, ასევე, ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩატარდა. მსგავსი აქცია პერიოდულად ტარდება და მისი მიზანია დაავადებების დროულად გამოვლენა, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს წარმატებულ მკურნალობას“, – განაცხადა ლევან გორგილაძემ.
პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების, დაავადებების ადრეული დიაგნოსტირებისა და პრევენციის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო პრევენციული გამოკვლევები 2015 წელს დაიწყო. ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უწევენ, როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო პერსონალი ასევე, სამოქალაქო სექტორის წამყვანი კლინიკების ექიმ-სპეციალისტები, მათ შორის: ნევროლოგი, უროლოგი, ნარკოლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, მამოლოგი, ალერგოლოგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, ინფექციონისტ-გასტროენტეროლოგი და სხვა. საჭიროების შემთხვევაში, ტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევებიც. წლის ბოლომდე, აღნიშნული აქცია ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია : რუსთავი2 სახელმწიფო გადატრიალებას ემიჯნება