„მზიურში“ მედიათეკის ახალი ფილიალი განთავსდება, ხოლო ზოოპარკის მიმართულებით საფეხმავლო ხიდი მოეწყობა

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და მერიის შესაბამის სამსახურებს სამუშაოების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ და მერიის ყველა იმ სამსახურს, ვინც ჩართულია პროექტის განხორციელებაში. ეს სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ქალაქის ცენტრში მართლაც ულამაზესი სივრცე გამოდის. ყველას გახსოვთ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, რომელიც თავს დაატყდა დედაქალაქს, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო ამ კონკრეტულ მონაკვეთზე – გაუბედურებული იყო ყველაფერი. ახლა სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს და ძალიან მალე, ქალაქს უკვე განახლებული „მზიურის“ პარკი ექნება, რომელიც მართლაც ულამაზესია. დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი და დასასვენებელი სივრცე იქნება თბილისელებისთვის და არა მხოლოდ მათთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების მეორე ეტაპის ფარგლებში, თბილისის მერია „მზიურში“ მედიათეკის ახალი ფილიალის განთავსებასა და ზოოპარკის მიმართულებით, საფეხმავლო ხიდის მოწყობას უზრუნველყოფს.

„ჩვენ ასევე, ვამუშავებთ მედიათეკის პროექტს, რომელსაც უშუალოდ დედაქალაქის მერია განახორციელებს. ეს იქნება სამუშაოების მეორე ეტაპი. ასევე, ვამუშავებთ „მზიურის“ პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით გადასასვლელი ხიდის მოწყობის პროექტს. ამაზე უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა. მედიათეკა და საფეხმავლო ხიდი სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება, რომელსაც მოსახლეობას შევთავაზებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, „მზიურში“ მედიათეკის ახალი ფილიალის განთავსება იგეგმება. ამ მიზნით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს მომავალში არსებული შენობის რეაბილიტაციის პროექტირებისა და შემდგომში სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ მედიათეკის შენობაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკითხველო დარბაზი, კომპიუტერული სივრცე და მულტიმედიური ოთახები განთავსდება, სადაც კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის შეხვედრების ჩატარება იქნება შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტი რჩება, მათ შორის ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა