„მზიურში“, ყოფილი საბაგიროს შენობაში თანამედროვე ხელოვნების გალერეა-მედიათეკა მოეწყობა

„მზიურის“ პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგიროს შენობაში თანამედროვე ხელოვნების გალერეა-მედიათეკა მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„თუკი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენო „მზიურის“ განახლებული პარკი. პროექტის განხორციელებაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული თბილისის მერია.

ჩვენი გადაწყვეტილებით, პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქცია განხორციელდება, რაც შენობისთვის არქიტექტურული სახის შენარჩუნებასა და მის ფუნქციურ ათვისებას გულისხმობს. წლების განმავლობაში უფუნქციოდ მიტოვებული შენობის გაცოცხლებაზე საინიციატივო ჯგუფი დიდი ხანია მუშაობს. მათი პროექტი თანამედროვე ხელოვნების გალერეა-მედიათეკის მოწყობას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ გალერეა კომერციულ პროექტს არ წარმოადგენს და პირველ რიგში, თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრების პოპულარიზაციასა და ტურისტებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად. ამასთან ერთად, ხელოვნების ამ სფეროსთვის თავისუფალი სამუშაო სივრცე გაჩნდება.

ამ მიზნით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს მომავალში არსებული შენობის რეაბილიტაციის პროექტირებასა და შემდგომში სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფს. პროექტის ავტორებს აღნიშნული სივრცის განვითარების ძალიან საინტერესო ხედვა აქვთ და ჩვენი გეგმები მნიშვნელოვნად ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომ გადავწყვიტეთ, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შემდეგ, შენობა ვადიანი უზუფრუქტის ხელშეკრულებით, საინიციატივო ჯგუფს გადაეცეს და მივცეთ შესაძლებლობა, პროექტი თავად განახორციელონ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშიავტობუსებზე დამაგრდება სპეციალური სამაგრები, რომლითაც ველოსიპედების გადატანა იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიანათია თურნავა : მინდა, მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის აუცილებლობის გაუქმებისთვის