“მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა” – ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნაზე

“ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში „დიფ სთეითი“ არ აღმოჩნდა”,- ამის შესახებ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა, რომლის განცხადებასაც „ბათუმელები“ ავრცელებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

„მზია ამაღლობელის ტელეფონზე დანიშნული იყო ექსპერტიზა. დასრულდა ექსპერტიზა, ექსპერტიზის დასკვნა მივიღეთ. ვითხოვთ ამ დასკვნის საქმეზე დართვას“- აღნიშნა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ.

პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს, მზია ამაღლობელის ადვოკატები კი მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ.

„ბათუმელების“ ცნობით, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ასევე დააყენა შუამდგომლობა საქმისთვის დაერთოთ წერილები, რომლითაც ადვოკატი მზია ამაღლობელისათვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

„მისი თვალის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ეკუთვნის შშმ პირის სტატუსი, რომლის მინიჭების პროცედურები უნდა დაიწყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებამ. მიმართული გვაქვს წერილით და იმედია, რომ დაიწყებენ პროცედურას“, – აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.

შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება მზია ამაღლობელიც. საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, რომლის თავმჯდომარე მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
შემდეგი სტატია“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ოქტომბერში შეტანილი ცვლილებები უნდა გაუქმდეს” – ეუთო/ოდირი