დღეს, 22:00 საათზე, ჟურნალისტები ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია რუსთავი 2-თან აქციას გამართავენ.
აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, რომ მზია ამაღლობელის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცეს, გადაცემა “ღამის კურიერში” უპასუხოს ქართული ოცნების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლითაც მან მზია ამაღლობელის მიმართ განზრახ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა და მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.
“ჟურნალისტების მოძრაობა მზიას თავისუფლებისთვის დღეს, 25 ივნისს, 22:00 საათზე, აქციას გამართავს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან (თბილისი, ანჯაფარიძის ქუჩა 5ა,).
ჟურნალისტები ითხოვენ მზია ამაღლობელის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცეს, გადაცემა “ღამის კურიერში” უპასუხოს ქართული ოცნების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლითაც მან მზია ამაღლობელის მიმართ განზრახ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა და მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.
ამ მოთხოვნით მზია ამაღლობელის კოლეგებმა “რუსთავი 2”-ს წერილობით ჯერ კიდევ 6 მაისს მიმართეს, მაგრამ პროფესიული და საკანონმდებლო ვალდებულებების მიუხედავად, არხის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
ონლაინგამოცემების “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას ხუთ თვეზე მეტია უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული, ცილისწამებისთვის სასამართლოშიც უჩივლა ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს და სოზარ სუბარს. მზია ამაღლობელი მის მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების საჯაროდ უარყოფას ითხოვს.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალდება სისხლის სასამართლოს წესით წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ “ლოყა ეტკინა”. დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს. პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა – მარჯვენა თვალში 10 %-მდე შემცირდა, ხოლო მარცხენა თვალში 0,04 %-ია,” ― წერია გავრცელებულ განცხადებაში.