მზია ამაღლობელის ადვოკატი: ამაღლობელი აცხადებს, რომ შიმშილობს არამარტო საკუთარი თავისთვის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის

მზია ამაღლობელი დღეს მოვინახულე, შეიძლება ითქვას, მდგომარეობა სტაბილურია, შიმშილობის 25-ე დღეს, რა თქმა უნდა, აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, თუმცა თავს მხნედ გრძნობს, – ამის შესახებ „ბათუმებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, გიორგი ხიმშიაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ამაღლობელი აცხადებს, რომ შიმშილობს არამარტო საკუთარი თავისთვის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის.

„მზია ამაღლობელი დღეს მოვინახულე, შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა სტაბილურია. 25 დღეა შიმშილობის, რა თქმა უნდა, შესუსტებულია, აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, თუმცა თავს მხნედ გრძნობს. აცხადებს, რომ აგრძელებს ბრძოლას, რითაც შეუძლია. ხილულად რაც შეიძლება შევაფასო, რამე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს. ისევ აცხადებს, რომ შიმშილობს არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის. ასევე, გადმომცა ერთი თხოვნა, რომ მისი სოლიდარობისთვის ვინც შიმშილობს, ყველამ შეწყვიტოს. ერთადერთი რა ინფორმაციაც მომაწოდა არის, რომ „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ცინიკური განცხადება მის შიმშილობაზე არის უფრო მეტად ძალის მიმცემი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთხოვეთ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა ასევე გვიწევს, რომ პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას. შიმშილობის პირველივე დღეებიდან მიმართული გვქონდა პენიტენციური დაწესებულებისთვის, რომ ინფორმაცია მიეწოდებინა სამედიცინო დოკუმენტაციის სახით. თავიდან ეს ინფორმაცია ჩვენ არ მოგვეწოდებოდა, შემდგომში დაგვიანებით მოგვეწოდა, რაც გადავამოწმეთ სხვა ექიმებთან. ეს დოკუმენტაცია და ჩატარებული კვლევები არ იყო საკმარისი“, – განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა.

როგორც ხიმშიაშვილმა აღნიშნა, მზია ამაღლობელი შიმშილობის შედეგად შესუსტებულია, თუმცა ითხოვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა პლანზე არ იყოს.

„მივმართეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რათა ჩატარებულიყო შესაბამისი კვლევები და მონიტორინგი ყოფილიყო ისეთი, როგორიც საჭიროა მოშიმშილე პირისთვის. ამის შემდგომ დაიგეგმა და ჩატარდა გარკვეული კვლევები, თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველა სახის კვლევა, რომელიც სჭირდება, არ იყო შესაძლებელი პენიტენციურ დაწესებულებაში და მის კლინიკაში. ამდენად, გუშინ უკვე დაიგეგმა მზია ამაღლობელის „ვივამედში“ გადმოყვანა. აქ მას ჩაუტარდა გარკვეული სახის კვლევები. მე შევხვდი ექიმებს და აღნიშნული კლინიკის წარმომადგენლებს. როგორც მათ მითხრეს, განსაკუთრებული პრობლემები ანალიზებში არ არის, მომცეს დოკუმენტაცია, კიდევ გადავამოწმებთ სხვა ექიმებთან. ასევე დღესაც უნდა ჩაუტარდეს სხვადასხვა სახის კვლევები.

სიმართლე რომ გითხრათ, ესე კონკრეტულად რამდენი კილო აქვს დაკლებული ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. გარკვეულწილად გამხდარი არის, უკვე 25 დღეა ადამიანი შიმშილობს, მხოლოდ წყალზეა. კლება აქვს, აირს შენელებული, შესუსტებული, თუმცა, როგორც გითხარით, თვითონაც ყოველთვის ითხოვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყოს წინა პლანზე და ამაზე არავინ ილაპარაკოს. რაც შეეხება კითხვას, თუ როდის მოინახულებს მზია ამაღლობელს მედიკოსთა ჯგუფი, ჩვენი მხრიდან მედიკოსების ჯგუფზე მუშაობა მიმდინარეობს, თითქმის დასრულებულია, გარკვეული ტექნიკური საკითხებია დარჩენილი და გაიგებთ, როცა შევლენ“, – განაცხადა ხიმშიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირასა იუკნევიჩიენე – მოვითხოვთ მზია ამაღლობელისა და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას
შემდეგი სტატიალიპარტელიანის, ინჯიას, ელისაშვილის თქმით, ოცნების პარლამენტში “ჯანსაღ ოპოზიციად” გადადიან