მზია ამაღლობელი თავს გრძნობს საკმაოდ მხნედ, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ განაცხადა.
ზურა ჩხაიძის თქმით, ამაღლობელი აგრძელებს ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციის შესაბამის მკურნალობას.
„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გუშინ გაკეთდა განცხადება სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის მიერ. უგრძელდება მკურნალობა, სრულდება ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც ერთობლივად შევიმუშავეთ ამ ექიმთა ჯგუფთან ერთად. დღეისთვის თავს საკმაოდ მხნედ გრძნობს“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“, უკვე მეოთხე დღეა, მკურნალობს. ის სამედიცინო დაწესებულებაში მე-5 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ მზია ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, იქაც ვრცელდება პენიტენციურ სისტემაში არსებული წესი და უქმე დღეებში მის ადვოკატს ამაღლობელის მონახულების საშუალება არ აქვს. შესაბამისად, ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს თხოვნით, რომ მოინახულოს ჟურნალისტი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნოს.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, უქმე დღეების განმავლობაში ომბუდსმენის წარმომადგენელი მზია ამაღლობელის მონახულებას გეგმავს.