“მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველას და ფართო კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები”

news
ავტ.: news ნოემბერი 26, 2016 12:56

“მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველას და ფართო კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები”

ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის შვილებს, გვაერთიანებს ერთი ამოცანა, ეს არის ჩვენი ქვეყნის წინსვლა და პარლამენტში პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით შევძლებთ, ერთად შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისაას განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ განვლილი წლების განმავლობაში შექმნა იმის პირობები, რომ დღეს არ არის ხელისუფლების შიში ხალხში.

„ჩვენი, საზოგადოებაც არის გაზრდილი, პოლიტიკურად მნიშვნელოვანად წინ წასული და მოთხოვნებიც პოლიტიკოსების მიმართ არის აბსოლუტურად სხვა რიგის. ყველა პოლიტიკოსმა აუცილებლად უნდა გავითავისოთ ეს მოთხოვნები. ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამ გარდატეხაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, „ქართულ ოცნებას” და, რა თქმა უნდა, მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის და პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა და პარლამენტი ერთიანი ძალებით, თავდადებით იშრომებენ და გაამართლებენ ძალიან დიდ ნდობას.

„ჩვენი პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა ჩვენ ამ უმრავლესობას არ განვიხილავთ, როგორც პრივილეგიას, ჩვენთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, ქვეყნისთვის საჭირო სწრაფი და შეუფერხებელი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამავე დროს ეს არის უდიდესი ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე და ჩვენ ამას სრულად ვაცნობიერებთ. მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველას და ფართო კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ ხალხის სასარგებლოდ, სახელმწიფო ინტერესების დაცვის და ქვეყნის განვითარებისთვის იქნება მიღებული“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყნის განვითარებაზეა საუბარი, გასათვალისწინებელია, თუ რა ქვეყნის მშენებლობა მიმდინარეობს.

„დღეს, მსოფლიო ცვლილებების მიჯნაზე, როდესაც ჩვენს თვალწინ იცვლება სამყარო, გვმართებს, მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც უკეთ წაადგება ჩვენს ქვეყანას დროის მოცემულ მომენტში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

news
ავტ.: news ნოემბერი 26, 2016 12:56

Google სტატისტიკა


4,976
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics