საჯაროობა დემოკრატიის საფუძველია, შესაბამისად, მივესალმები პარტნიორი ქვეყნების ელჩებისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
პარლამენტის თავმჯდომარე გამოხატავს მზაობას, ჩაერთოს პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ საჯარო დისკუსიაში, რათა კიდევ ერთხელ საზოგადოებას ამომწურავი პასუხი გაეცეს ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც ამ კანონპროექტის გარშემო არსებობს.
„საჯაროობა დემოკრატიის საფუძველია. შესაბამისად, მივესალმები პარტნიორი ქვეყნების ელჩებისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვასთან დაკავშირებით. დიპლომატიური საქმიანობისთვის უცნაური მოვლენაა, როდესაც უცხოელი დიპლომატები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დებატების უშუალო მონაწილედ მიიჩნევენ თავს. როგორც წესი, ასეთ დროს გარე მონაწილეებისთვის შეუძლებელია ხოლმე ცხარე პოლიტიკურ კამათში ობიექტური შეფასებების შენარჩუნება, რაც აჩენს რეპუტაციული ზიანის რისკებს. ჩვენ ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით მსგავს საკითხებს და მაქსიმალურად ვცდილობდით სამუშაო ფორმატებში აზრთა ურთიერთგაცვლას. თუმცა, პოლიტიკურ პროცესებში დიპლომატების აქტიურობის გამო, მზად ვართ, ჩავერთოთ პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ საჯარო დისკუსიაშიც, რათა კიდევ ერთხელ საზოგადოებას ამომწურავი პასუხი გაეცეს ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც ამ კანონპროექტის გარშემო არსებობს.
მზად ვართ, პრემიერთან ერთად, მოვისმინოთ დასაბუთებული არგუმენტები ჩვენი მეგობრების მხრიდან, რაც თავისთავად დიდად წაადგება კანონშემოქმედებით პროცესს. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ქვეყნის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის საკითხებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა გაიმართება გამჭვირვალედ, ინკლუზიურად და არგუმენტირებულად“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.