,,მზად ვარ, გავასაჯაროვო ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ჩემი სახლის ასაშენებლად დახარჯულ თითოეული თეთრის გამჭვირვალობას”

მზად ვარ, გავასაჯაროვო ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამ სახლის ასაშენებლად დახარჯულ თითოეული თეთრის და სახსრების გამჭვირვალობას, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა განუცხადა.

სუჯაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ გაცნობიერებული აქვს საზოგადოების წინაშე მისი, როგორც საჯარო მოხელის ანგარიშვალდებულება.

„მსურს გამოვეხმაურო „რუსთავი 2“-ზე გასულ სიუჟეტს, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემი სახლის მშენებლობას ეხებოდა. მზად ვარ, გავასაჯაროვო ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამ სახლის ასაშენებლად დახარჯულ თითოეული თეთრის და სახსრების გამჭვირვალობას თუ წარმომავლობას, მეტიც, ეს სწორედ ჩემს ინტერესშიც არის. გათვითცნობიერებული მაქვს რა საზოგადოების წინაშე ჩემი, როგორც საჯარო მოხელის ანგარიშვალდებულება“, – აცხადებს სუჯაშვილი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, დავით სუჯაშვილს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 4-სართულიანი სახლი 1500 კვადრატულ მეტრ მიწაზე აქვს აშენებული. აქედან მხოლოდ სარდაფი 252 კვადრატული მეტრია. ტელევიზიის ინფორმაციით, დაზვერვის ხელმძღვანელმა სახლის მშენებლობა 2018 წელს დაასრულა.

banner
წინა სტატიაში„თითოეული პოლიციელი მზად არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარი არჩევანი გააკეთონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში“
შემდეგი სტატიამარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი