,,მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში პატიმრობის შემთხვევაში, არასათანადო მოპყრობის საფრთხე არ არსებობს”

დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში პატიმრობის შემთხვევაში არასათანადო მოპყრობის საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსმა ლევან ბარდაველიძემ განუცხადა.

”კონვენციის თანახმად დევნილი უნდა იყოს რასის, რელიგიის, სოციალური ჯგუფის, ეროვნების, ან პოლიტიკური შეხედულების გამო. არც ერთი ეს ფაქტობრივი გარემოება მასთან მიმართებით სახეზე არ არის. არის ერთადერთი საფრთხე, რასაც ისინი მიიჩნევენ, რამდენადაც მასთან მიმართებით მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა თურქეთის რესპუბლიკაში, მისი დაპატიმრების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მასზე საპატიმრო დაწესებულებაში განხორციელდეს არასათანადო მოპყრობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნაში გადმოცემული ინფორმაციების თანახმად, ამგვარი რეალური საფრთხე არ არის თურქეთის რესპუბლიკაში და ამგვარი რამ მასთან მიმართებით არ შეიძლება მოხდეს. ამ შემთხვევაში აქ რამდენიმე გარემოებაა მხედველობაში გათვალისწინებული. მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ ხელისუფლებამ გასცა დიპლომატიური გარანტია, რომ ჩაბუქთან მიმართებით არასათანადო მოპყრობას არ ექნება ადგილი. ასევე ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება წვდომა და შესაძლებლობა დაუკვირდეს ამ პირის ყოფნას თურქეთის საპატიმროში”, – განაცხადა ლევან ბარდაველიძემ.

მისივე თქმით, საექსტრადაციო მასალებში მითითებულია, რომ ემრე ჩაბუქი დაკავშირებულია ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან, თუმცა ამ მტკიცებულებების შემოწმება არ არის სამინისტროს კომპეტენცია.

”ასევე ამ მასალებში მითითებულია ის გარემოებები, რომლის გამოც მათ მიაჩნიათ, რომ ამ პიროვნებასა და იმ ორგანიზაციებს შორის გარკვეული კავშირი არსებობს. ამ კავშირების და ამ მტკიცებულებების შემოწმება ან ამ დანაშაულში მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი ამ პიროვნებას, როგორია მისი ბრალის ხარისხი და ა.შ. ეს ჩვენი სამინისტროს კვლევის კომპეტენციას სცდება. ჩვენ ამ კუთხით ამ საკითხების გამოკვლევის უფლებამოსილება არ გვაქვს”, – განაცხადა ლევან ბარდაველიძემ.

სააპელაციო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების საჩივრის განხილვა გადაიდო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე თუბა ჩაბუქი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში დღეს მოწმის სტატუსით უნდა გამოკითხულიყო.

banner
წინა სტატიაშითიანეთის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
შემდეგი სტატიასასტუმრო „ლეოგრანდის“ 500 თანამშრომელი უფასო შვებულებაში გაუშვეს