მუშავდება ახალი პროტოკოლი კორონავირუსით ინფიცირებული რომელი პაციენტები მოთავსდებიან საავადმყოფოებში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მუშავდება ახალი პროტოკოლი იმის შესახებ, კორონავირუსით ინფიცირებული რომელი პაციენტები მოთავსდებიან საავადმყოფოებში.

როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრთან და უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებთან ონლაინ ჩართვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ვისაც ეკუთვნის, ყველა ის პაციენტი მოხვდება კლინიკაში, მაგრამ პაციენტების უმეტესობა, დაახლოებით 80% ექიმის მეთვალყურეობით შინ მკურნალობას გააგრძელებს.

„კორონაინფექცია, რომელიც წარმოადგენს დღევანდელ პრობლემას, გლობალური და აქედან გამომდინარე დინამიურია. ჩვენს ქვეყანას, სამინისტროსთან და კლინიკურ ჯგუფთან ერთად გვიჭირავს პულსი მკურნალობის ტაქტიკის შეცვლასთან და მიმდინარეობასთან ერთად. თუ რამე ცვლილება ხდება, იმ წამსვე ისახება ჩვენს კლინიკურ ჯგუფში და ხორციელდება პროტოკოლში ჩასწორება“, – განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, უცხოეთში მოღვაწე ექიმებთან ისაუბრეს საქართველოს დღევანდელ სიტუაციაზე, რამდენი კრიტიკული პაციენტია, რა მეთოდოლოგიით იმართებიან და რა გამოსავლით სრულდება ესა თუ ის შემთხვევა.

„მათთან ერთად სამომავლოდ – ორშაბათს ან სამშაბათს გვექნება ახალი პროტოკოლი, ვინ უნდა მოხვდეს კლინიკაში. აღნიშნულიდან გამომდინარე შეთანხმდება კლინიკურ ჯგუფთან, სამინისტროსთან, უცხოეთში მოღვაწე ქართველებთან, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები. რაც შეეხება მკურნალობის პროტოკოლს, რადიკალური ცვლილება ვერ განხორციელდება, იმიტომ, რომ ეს არც ჩვენთან მოხდება ამ ეტაპზე, არც საზღვარგარეთ, რადგან იცით, რომ სამწუხაროდ, არ არსებობს კორონავირუსთან ბრძოლის არც პროფილაქტიკური არც პათონოგეზური სამკურნალო საშუალებები. გვაქვს მხოლოდ სიმპტომური თერაპია. ვიმედოვნებ, მალე ჩვენი ქვეყანა კორონავირუსს დაამარცხებს და ყველა ერთად გადავრჩებით”,- განაცხადა რატიანმა.

ამასთან, რატიანი განმარტავს, პაციენტების რა კატეგორიის ჰოსპიტალიზაცია მოხდება.

„პაციენტების 80% შესაძლოა, იყვნენ ინფექციის მატარებლები და არ ჰქონდეთ არანაირი კლინიკური ნიშანი გამოვლენილი. ასეთი პაციენტები ამ ეტაპზე, ვინაიდან ჭარბი რაოდენობაა ინფიცირებულების, კლინიკაში ვერ მოხვდებიან, ისინი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. დანარჩენი 20%, რომლებიც არიან საშუალო, მძიმე და კრიტიკული პაციენტები, ყველას მოემსახურება კლინიკური სექტორი”,- განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: დევნილებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას
შემდეგი სტატიამელია: ბავშვსაც კი არ სჯერა, რომ ქართულ მარშს მოუნდა აქციის გამართვა ნიკა მელიას ოფისის წინ მოწმენდილ ცაზე