“მუშაობა მიმდინარეობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოხდეს უპირობოდ”

მუშაობა მიმდინარეობს, რომ ექიმის გათავისუფლება მოხდეს უპირობოდ, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოჯახს “,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

„არ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ნორმალურად არის იმ პირობებიდან გამომდინარე, რომ იმყოფება ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში, ეს თავისთავად არ არის ნორმალური მოცემულობა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა. ოჯახთან არის მუდმივი კომუნიკაცია ექიმის მდგომარეობის და ასევე ყველა ნაბიჯის შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა, მისი შესაბამისი სტრუქტურები ვდგამთ, რათა ერთი მიზანი იყოს მიღწეული – ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან. ამუშავებულია ფაქტობრივად ყველა ხელთა არსებული არხი, ვგულისხმობ გარე თუ შიდა არხებს, ფორმალურს თუ არაფორმალურს, აბსოლუტურად ყველა დონეზე. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ გათავისუფლება იყოს მიღწეული და ეს დეტალები ოჯახისთვის იყოს ცნობილი“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნულ დეტალებზე საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებს.

„ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო ამ დღეების განმავლობაში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრ ოსს ეს უქმნის დისკომფორტს, მათთვისაც არის ეს ერთგვარად ღირსების შემლახავი. საუბარია ექიმზე, რომელსაც არაერთი მადლიერი პაციენტი ჰყავს, მათ შორის საოკუპაციო ხაზს მიღმა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ამ დღეებისა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისევ წარმატებით ხორციელდება ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა, მათ შორის პაციენტებთან მიმართებაში, რომლებიც არიან ცხინვალისა თუ აფხაზეთის რეგიონიდან. არავინ აპირებს ამის გადახედვას, არც სახელმწიფოს და არც ექიმების დონეზე, რადგან ექიმებს აქვთ დადებული ჰიპოკრატეს ფიცი და ისინი მოქმედებენ ამ პრინციპებიდან გამომდინარე. თუ ვინმეს ჰქონდა ეს მოლოდინი, ბუნებრივია, ვერ გამართლდება“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილის რეჟიმი არის სრულ საერთაშორისო იზოლაციაში”-ოპოზიცია ევროპარლამენტარების ნეგატიურ შეფასებებზე
შემდეგი სტატია„ნაციონალებს“ ცნობილი აქტივისტი ემიჯნება-რას წერს ლუკა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში