მურთაზ ზოდელავას განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თხილის სფეროში ბიზნესს ფლობს და დაკავებული თანამდებობა მის საქმიანობასთან შეუთავსებელია

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ რეგიონული ლიდერის, მურთაზ ზოდელავას თქმით, ალექსანდრე მოწერელია, რომელიც პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშნა, თხილის სფეროში ბიზნესს ფლობს და დაკავებული თანამდებობა მის საქმიანობასთან შეუთავსებელია. ამის შესახებ მურთაზ ზოდელავამ ჟურნალისტს განუცხადა.

მისივე თქმით, ალექსანდრე მოწერელია ბოლო წლებში „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.

„მოწერელია, რომელიც ახლა გუბერნატორად დაინიშნა, მთელი ამ წლების განმავლობაში იყო თხილის ასოციაციის თავმჯდომარე და ბოლო წლებში, სანამ ეს ადამიანი იყო ამ ასოციაციის თავმჯდომარე, მას არასდროს არ მოუთხოვია, რომ ჩვეულებრივი ფერმერების მიმართ რაიმეს კომპენსირება მომხდარიყო, იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მისი ბიზნესი ეფუძნება.

ის ამ სფეროში ბიზნესსაც ფლობს და მე იმედი მაქვს, რომ დეკლარაციასაც გამოაქვეყნებს, თუ როგორ არის მისი თანამდებობა მის საქმიანობასთან შეუთავსებელი და როგორ მოახდინა ამ დათქმის აღსრულება და როგორ გავიდა ამ ბიზნესიდან“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის ” ძალა ერთობაშიას” რეგიონულმა ლიდერებმა მურთაზ ზოდელავამ და და ლევან ხაბეიშვილმა მთავრობას დღეს მოუწოდეს, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს მოსახლეობას, რომელთაც თხილის მოსავალი ფაროსანამ გაუნადგურა, კომპენსაცია მისცეს. ამისთვის გაერთიანება “ძალა ერთობაშია” ხელისუფლებას ორი კვირის ვადას აძლევს.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – მოსამართლემ წარმოუდგენელი რაღაც გააკეთა – შავზე თქვა თეთრი
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიქაბის და ჩადრის ტარების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი მომზადდა