15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

მურთაზ ზოდელავას ადვოკატი: ოქსიმორონია არა “მშვიდობიანი დამხობა”, არამედ მშვიდობიანი პროცესის ძალადობრივად შეფასებაა

მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, სასამართლოში განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი უნდა შეფასდეს არა სისხლის სამართლის კოდექსის, არამედ ეროვნული მორალისა და სულისკვეთების კონტექსტში.

„ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ისტორიული გზიდან გადახვევა, საქართველოს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, პროტესტის მონაწილეთა სასტიკი დარბევა, წამება, სახლებთან ჩასაფრება და უმოწყალო ანგარიშსწორება ორგანიზებული და აღსრულებული სამართალდამცავი უწყებებისა და მათ მიერ მართული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ 2025 წლის 4 ოქტომბერს წინ უძღოდა: ათეულობით მოქალაქის უკანონოდ დაკავება, გასამართლება და დატყვევება, ახალგაზრდების, ბავშვების, ქალების დამცირება და დევნა, ათასობით მოქალაქეზე ორგანიზებული მუქარა და შეურაცხყოფა, ასეულობით კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გამოყრა”,_ განაცხადა ადვოკატმა.

ბასილაიამ აღნიშნა, რომ როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები პრივატიზებულია ერთი პარტიის მიერ, ხალხს გზა არ რჩება, გარდა ქუჩის აქტიური პროტესტისა, რომლის მოთხოვნა დამნაშავე ხელისუფლების ცვლილება უნდა ყოფილიყო.მისი თქმით, მურთაზ ზოდელავა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდების მიერ დანაშაულებრივად მიჩნეული გარემოებები წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის აღსრულების მცდელობას.მურთაზ ზოდელავას ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი:

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – [სსკ-ის 19-222-ე მუხლი]. 
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა – [სსკ-ის 225-ე მუხლი]

მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ – [სსკ-ის 317-ე მუხლი].

დაცვის მხარის პოზიციით, მურთაზ ზოდელავას სატელევიზიო გამოსვლების სსკ-ის 317-ე მუხლით შეფასება სრულად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების ძირითად პრინციპებს.

„მურთაზ ზოდელავა არცერთ გამოსვლაში საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის შეცვლაზე არ საუბრობს. პირიქით, ის დემოკრატიული რესპუბლიკის იდეის ერთგულია და ყოველ ჯერზე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს;

მურთაზ ზოდელავას გამოსვლებში არსადაა ძალადობრივი მოწოდება. ის ყოველ ჯერზე საუბრობს აქტიურ მშვიდობიან პროტესტზე.

ოქსიმორონია არა სიტყვათშეთანხმება ,,მშვიდობიანი დამხობა”, არამედ მშვიდობიანად სახელდებული პროცესის ძალადობრივად შეფასებაა. ცალკე აღსანიშნავია, რომ ტერმინს ,,მშვიდობიან დამხობას“ მურთაზ ზოდელავას გამოსვლებში ვერ შეხვდებით, ის ძირითადად საუბრობს ვარდების რევოლუციის ანალოგიური მშვიდობიანი რევოლუციის საჭიროებაზე.

პოლიტიკურ მეცნიერებებში სიტყვა რევოლუციას მხოლოდ ძალადობრივი შინაარსი დიდი ხანია აღარ გააჩნია და პირიქით სწრაფ, პოზიტიურ ცვლილებებთან ასოცირდება. ამავე დროს დიდი ხანია დამკვიდრდა მშვიდობიანი რევოლუციის ცნებაც, ჯერ კიდევ ხავერდოვან რევოლუციებამდე, მაგალითად Friedliche Revolution აღმოსავლეთ გერმანიაში. ეს იყო პროცესი, რომელმაც ჩამოშალა პროსაბჭოთა მმართველობითი სისტემა აღმოსავლეთ გერმანიაში და საბოლოოდ გერმანიის გაერთიანება გამოიწვია”, – განაცხადა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშილაშა პაპაშვილი: არ ყოფილა მთავრობა მე რომ არ ვოპონირებდე, იმიტომ რომ ჩემი საქმე ეგ არის
შემდეგი სტატია“ჰორმუზის სრუტის 6 თვით ჩაკეტვა შეუძლებელია”- პენტაგონი ბლოკადის პროგნოზს უარყოფს