ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ აცხადებს, რომ მისთვის მძიმე პასუხისმგებლობაა ის ფაქტი, რომ სასამართლო პროცესებზე მასთან ერთად დაკავებულ პირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებდა.
როგორც ზოდელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თითქმის ყველა სასამართლო სხდომაზე მოუწოდებდა თანამოპასუხეებს, ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობით. მისი თქმით, პასუხისმგებლობას კვლავ გრძნობს, თუმცა მიესალმება იმას, რომ დაკავებულთა უმრავლესობამ ეს შესაძლებლობა გამოიყენა.
„არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება. ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ“, — განაცხადა ზოდელავამ.
მისივე განმარტებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილება მხოლოდ მას არ მიუღია და ეს გადაწყვეტილება ყველამ ერთობლივად მიიღო. პოლიტიკოსის თქმით, თავად პასუხისმგებლობა აიღო და სასჯელიც მოიხადა.
ზოდელავამ ასევე ისაუბრა 4 ოქტომბრის მოვლენებზე და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში დაგროვილ ყველა კითხვას ამ ეტაპზე პასუხს ვერ გასცემს.
მისი თქმით, გარკვეული საკითხების შესახებ განმარტებების გაკეთება მოგვიანებით მოუწევს, რადგან მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა, მათ შორის შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებული მოსაზრებები გავრცელდა.
„ყველა შეკითხვას აქ, ციხის კარებთან ვერ ვუპასუხებ. ზოგიერთი შეკითხვა საერთოდ პასუხგაუცემელი დარჩება, ზოგიერთი საკითხის განმარტება კი გარკვეული პერიოდის შემდეგ მომიწევს“, — აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.

















