“სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი – ბაჩო ახალაიაც შეიწირა” – ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ, სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი “მითოლოგიური თარიღი გახდა”. ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ პროტესტს პროპაგანდამ მითები დაუპირისპირა.
ზოდელავას განცხადებით, თავისი შინაარსით მშვიდობიანი და კანონიერი, სპონტანური, სახალხო აქცია იყო, რომლის ორგანიზებაც არ ყოფილა.
“იყო გულწრფელი პროტესტი, სადაც ბევრი ადამიანი მოვიდა, რადგან კრეატიული მესიჯები იყო გავრცელებული. ეს თარიღი, მითოლოგიური თარიღი გახდა. როგორც ჩანს, ხალხში იყო იმედი, რომ ვიღაც შესაძლოა გადმოსულიყო ხალხის მხარეს. ბოლო დღეებში კი ისეთი მითიც შეიქმნა, რომ ივანიშვილი ბურჭულაძის მეგობარი გახდა.
ბევრი მითი შეიძინა ამ თარიღმა. სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი – ბაჩო ახალაიაც შეიწირა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მეორე მხარის მითი იყო, რომ ვიღაცები ხალხის მხარეს გადავიდოდნენ,” – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
მისი თქმით, ეს იყო აქცია, რომელსაც ორგანიზება არ ჰქონდა.
ჩემი მიზანი იყო, რომ ახლო ლოკაციის ხალხით ავსება მომხდარიყო. ამიტომ გამოძიება უნდა მიდიოდეს პიკეტირების მუხლით და არა იმ მუხლებით, რომლითაც დღეს მიდის. როდესაც სასახლესთან მივედი მოხდა ის, რაც მოხდა.
სახელმწიფო პროპაგანდა ძლევამოსილია, მრავალმილიარდიანი პროპაგანდა. ეს იყო აქცია, რომელსაც ორგანიზება არ ჰქონდა. ვნახეთ მითოლოგიამ და მოლოდინებმა როგორც იმუშავა, როდესაც ვერანაირი პოზიტივი ვერ მოიტანა.
აბსოლუტურად გამოუცდელმა აქციის წამყვანმა, შესაძლოა ჩემდა უნებურად გამოიწვია რაღაც ქმედება. სიტყვა – მშვიდობას ჩვენ უფრო ხშირად ვამბობდით, ვიდრე „ქართული ოცნების” კოორდინატორი არჩევნების წინ.
გავიდა თვეები და არაფერი და ვერაფერი ვერ დადგინდა”- თქვა ზოდელავამ.



















