14.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

მურმან კვეკვესკირის ხსოვნას…

აფხაზეთიდან დევნილ ქართულ სამეცნიერო-პედაგოგიურ ინტელიგენციას გამოაკლდა მურმან კვეკვესკირი, ცნობილი მათემატიკოსი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, აფხაზეთში ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისათვის დაუცხრომლად მებრძოლი ერთ-ერთი უპრეტენზიო რიგითი ჯარისკაცი…

მურმან კვეკვესკირი ნამდვილად იყო ჩვენი საუნივერსიტეტო ოჯახის გამორჩეული წევრი, რომელმაც, თავის დროზე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სოხუმის ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებასა და დაფრთიანებაში. დიახ, 1989 წლის გაზაფხულზე, როდესაც კრემლის მიერ შეგულიანებულ და წაქეზებულ სეპარატისტთა თავხედურ მცდელობას მოეწყვიტათ აფხაზეთი დანარჩენი საქართველოსაგან, მოჰყვა აფხაზეთის ქართველობის საყოველთაო პროტესტი, რომლის ავანგარდში იდგნენ უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ახალგაზრდა ლექტორი მურმან კვეკვესკირი უყოყმანოდ დადგა საქართველოს ერთიანობის სადარაჯოზე და გახდა საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. ის აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო მოძრაობის ხელმძღვანელი ორგანოს (შტაბის) მუშაობაში, იღებდა მონაწილეობას საკავშირო თუ საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრა-დისკუსიებში.

მურმან კვეკვესკირი იყო ღრმად ეროვნული, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული მართალი კაცი, რომელიც დღენიადაგ ფიქრობდა ქვეყნის მთავარ სატკივარზე – აფხაზეთზე…

საწყენია, რომ ის ვერ მოესწრო მშობლიური აფხაზეთის ხილვას და მისი საფიცარი სამშობლოს – საქართველოს გამთლიანებას…

ვიტოვებთ იმედს, რომ ეს დღეც მალე დადგება და მურმან კვეკვესკირის შვილები, შვილიშვილები საამაყო მამასა და ბაბუას სამუდამო განსასვენებელს მშობლიურ კუთხეში მიუჩენენ…

ზურაბ პაპასქირი,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

banner
წინა სტატიაშისამტრედიაში პირმა კაცი დანით დაჭრა, ყოფილ მეუღლეს კი შვილების თვალწინ სცემა
შემდეგი სტატიათამო კეშელავა: მტვერი ხარ, რომელიც მტვრადაც ვერ იქცევა, მტვერი ხარ, რომელიც მტვრადაც ვერ შემორჩება წალენჯიხის ისტორიას