მურმან დუმბაძე: „პოლიტპატიმრების გათავისუფლებას პირადად ივანიშვილი ეწინააღმდეგება“

ივანიშვილი-ღარიბაშვილის ხელისუფლებაში დანერგილია „ქურდული“ პრინციპი-'ჩემს კაცს შენ ვერ შეეხები

ოპოზიცია ხელისუფლებას 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულებას სთხოვს, რომლის თანახმად უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების განთავისუფლება. „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მურმან დუმბაძის თქმით, „ეს თავხედობა მმართველ პარტიას ძვირი დაუჯდება“.
ვინ ეწინააღმდეგება პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, რის მომსწრე არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები და როგორი იქნება მათი რეაქცია პირობის შეუსრულებლობაზე – ამის შესახებ „თაიმერს“ „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი მურმან დუმბაძე ესაუბრება.

– ივნისში კენჭი უნდა ეყაროს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ მანამდე პოლიტპატიმრების განთავისუფლება არ მოხდება, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. თქვენი აზრით, გამოუშვებენ ივნისამდე პოლიტპატიმრებს?
– ამასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 8 მარტს შედგა შეთანხმება და ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტიც არსებობს. ხელისუფლების წარმომადგენლებს ვურჩევ, ნუ აფრიალებენ ხელმოწერილ დოკუმენტებს. მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების შუამავლობით შედგა და „ოცნებამ“ მათი თანდასწრებით გამოთქვა თანხმობა, რომ მოხდებოდა პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ამის გარდა, შევთანხმდით რომ არჩევნები ჩატარდებოდა პრინციპით 120/30-ზე.

საკონსტიტუციო ცვლილებებს ივნისში უნდა ეყაროს კენჭი. ოპოზიციამ ამ კენჭისყრაში მონაწილეობა რომ მიიღოს, მანამდე უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ამ პირობის შესრულება აშკარად სათუოა. იმ შემთხვევაში თუ მათი განთავისუფლება არ მოხდება, ოპოზიცია იტყვის, რომ მათთვის შეთანხმების პირველი პუნქტი ანუ საკონსტიტუციო ცვლილებები უინტერესო ხდება.
– ოპოზიცია კენჭისყრაში თუ მონაწილეობას არ მიიღებს, ეს ცვლილებები ჩავარდება, რაც ხელისუფლებას აძლევს ხელს.
– ხელისუფლებას უნდა, რომ არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდეს. „ქართულ ოცნებას“ ახლა ყველაფერი აწყობს, რაც მათ ხელისუფლებაში დარჩენას შეუწყობს ხელს. ვარწმუნებ „ოცნებას“, რომ დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში. შერეული სისტემითაც მოვუგებთ მათ არჩევნებს. პანდემია და კორონა ხელისუფლებაში დარჩენის უებარი წამალი არ არის.
რვა წლის მანძილზე საქმე რომ ეკეთებინათ და ქვეყანა ეშენებინათ, ეს იქნებოდა უებარი წამალი. საქმე არ უკეთებიათ, ქვეყანა არ უშენებიათ, ხალხი გააღატაკეს და რანაირადაც არ უნდა ჩაატარონ არჩევნები, მაინც დამარცხდებიან.
– თქვენი საუბრიდან გამომდინარე პოლიტპატიმრების საქმე კარგად არ არის და მათი განთავისუფლება გამორიცხულია?
– „ქართული ოცნება“ რომ მათ განთავისუფლებას არ აპირებს, ეს აშკარაა. თუმცა ერთია რას ამბობს ივანიშვილის გუნდი და მეორეა თუ რას ფიქრობს დასავლეთი და ხალხი. გახსოვთ, „ოცნება“ გავრილოვის ღამის მერე უარს ამბობდა პარლამენტის სპიკერის გადადგომაზე, მაგრამ მაინც მოუწიათ კობახიძის გაშვება. მერე თქვეს, უარს ვამბობთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზეო, მაგრამ დასავლეთის ჩარევის შემდეგ შემოუსხდნენ მაგიდას. არც საარჩევნო სისტემის ცვლილება სურდათ, მაგრამ მოუწიათ ამაზე ფიქრმა. კი ბატონო, არ უნდათ პოლიტპატიმრების განთავისუფლება, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მათ უნდათ. დასავლეთის ჩარევის შემდეგ მათ მოუწევთ ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
– პანდემია რომ არა და დასავლეთი მხრიდან ყურადღების მოდუნება, „ქართული ოცნება“ იქნებოდა ისეთი გაჯიუტებული, როგორიც დღეს არის?
– ვერ გაჯიუტდებოდნენ. პანდემიას იყენებენ ხელისუფლებაში დასარჩენად. მათ ვურჩევ, რომ ღირსეულად მოიქცნენ. არის პირობები, რაც უნდა შეასრულო, მითუმეტეს რომ ამ მოლაპარაკებებში დასავლეთი მონაწილეობდა.
– პოლიტპატიმრების განთავისუფლება რატომ ჭიანურდება, ვინ ეწინააღმდეგება ამას?
– პირადად ბიძინა ივანიშვილი ეწინააღმდეგება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
-გარემოცვა ურჩევს ამის გაკეთებას?
– არა, თავად ის იჩენს სიჯიუტეს ამ შემთხვევაში, რაც მისთვის კარგად არ დასრულდება. პოლიტპატიმრებიც განთავისუფლდებიან, კორონასაც დავამარცხებთ და „ოცნებასაც“ მოვუგებთ არჩევნებს.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიავტოავარია წალენჯიხაში
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს და ექიმებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ