რუსთავში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება. აღნიშნული პროექტი ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, შესყიდვის პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 1 580 211 ლარს, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 70 მილიონ ლარს შეადგენს.
„პროექტის მიზანია რუსთავში არსებული ცალკეული ინფრასტრუქტურული ობიექტების და შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ვიზიტორთათვის კომფორტული სივრცეების შექმნას, ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სოციალური კავშირების გაღრმავებას, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას ტურისტული და რეკრეაციული მიმზიდველობის გაზრდით”, – ვკითხულობთ შესყიდვის ტექნიკურ დავალებაში.
ტენდერში წინადადებების მიღება 11 აპრილს დაიწყება და 16 აპრილს დასრულდება.
















