მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში „ღვინის ქალაქის“ მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 455 000 ლარს შეადგენს. ტენდერში წინადადებების მიღება 1-ელ ივლისს იწყება და 6 ივლისს სრულდება.
ტექნიკური დავალების თანახმად, „ღვინის ქალაქის“ კომპლექსი რეგიონში უნიკალური კულტურულ-ტურისტული ჰაბი უნდა იყოს.
გურჯაანის „ღვინის ქალაქი“ მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:
მუდმივმოქმედი და დროებითი გამოფენები;
ინტერაქტიული საგანმანათლებლო სივრცეები;
საკონსერვაციო ლაბორატორია;
სპეციალიზებული ბიბლიოთეკა, ენოთეკა და ფონდსაცავი;
დეგუსტაციის დარბაზი და გასტრონომიული სივრცეები;
საზოგადოებრივი და რეკრეაციული ზონები;
HoReCa და სხვა კომერციული ერთეულები.
„პლატფორმა გათვლილია როგორც ფართო საზოგადოების, ისე პროფესიული და სამეცნიერო წრეების ჩართულობაზე, ხოლო მისი მიზანია: ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია; სამეცნიერო კვლევის გაძლიერება და ინოვაციური პროცესების მხარდაჭერა; განათლებისა და ცოდნის გაზიარების სივრცის შექმნა; ტურიზმის განვითარება; ეკონომიკის განვითარება; ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა“, – ვკითხულობთ ტექნიკური დავალების დოკუმენტებში.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის შესყიდვა 6 აპრილსაც გამოაცხადა. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 6 მაისს დასრულდა, ინტერესი ხუთმა კომპანიამ გამოხატა, თუმცა 27 მაისს ტენდერი შეწყდა.















