მუხთარლი: ბაქოში მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ ჩემი გატაცებისთვის ქართულ მხარეს $3 მლნ მისცეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თქმით, აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა მას უთხრა, რომ ქართულ მხარეს მისი გატაცებისთვის 3 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

მუხთარლი, რომელიც 2017 წლის 31 მაისს თბილისიდან აზერბაიჯანში გაიტაცეს და დააპატიმრეს, ბაქოს ციხიდან 17 მარტს გაათავისუფლეს. გატაცების დეტალებზე მან 19 მარტს ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა, გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა.

“ბაქოში აზერბაიჯანის ხელისუფლების მაღალჩინოსანი მესაუბრა. მითხრა, რომ ჩემი გატაცებისთვის ქართულ მხარეს მისცეს 3 მილიონი დოლარი. იქამდე საქართველოში 3 წელი ვცხოვრობდი. მთელ ამ პერიოდში აზერბაიჯანის სპეცსამსახური ყოველდღე გვადევნებდა თვალს. ისინი ღიად მუშაობდნენ თბილისში, საქართველოში. შეუძლებელია, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა თბილისში იმუშაოს, ქართულმა მხარემ კი არ იცოდეს და არაფერი გააკეთოს,” – ამბობს მუხთარლი.

მისივე თქმით, მაღალჩინოსანი, ვინც თანხის შესახებ უთხრა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატში მუშაობს.

” გატაცებაში  ჩარეული იყო საქართველოს კრიმინალური პოლიცია, ეროვნული უშიშროების სამინისტრო, სასაზღვრო ჯარები და ლაგოდეხის რაიონის სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელი. მე ან კრიმინალურმა პოლიციამ გამიტაცა, ან ეროვნული უშიშროების სამსახურმა. საზღვარზე სასაზღვრო ჯარმა გადამიშვა, უპასპორტოდ, ეს კი სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელმა დაუშვა. ეს ყელაფერი მაღალ დონეზე იყო შეთანხმებული, მინიმუმ კვირიკაშვილმა იცოდა,” – ყვება ჟურნალისტი.

აფგან მუხთარლი ამჟამად გერმანიაში იმყოფება. მისი თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისი სამშობლოში დარჩენა არ სურდა.

ჟურნალისტს აზერბაიჯანში ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედებოდა. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასაირმის საკარანტინო სივრცეში გუშინ ღამით 80 მოქალაქე შეიყვანეს