“ФСБ”-ს «СПО»-მ, იგივე სპეციალურმა პოლიტიკურმა ოპერაციამ სახელით “MAGA” წარმატებით იმუშავა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაარღვია დემოკრატიის ჩარჩო და თავისუფლების დისტრიბუტორიდან ავტორიტარიზმის პანდემიის გამავრცელებლად იქცა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დატოვების ახალამერიკული ვექტორი გვაჩვენებს, რომ ამერიკა უარს ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ დეკლარაციით აღებულ ვალდებულებებზე და პრეზიდენტის გუნდის პირველივე სამიზნედ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, განსხვავებულობა და ადამიანის ძირითადი უფლებები იქცა.
ამერიკას ლიდერად მისი იდეოლოგიური – ლიბერალური საფუძველი აქცევდა, ასევე მისი ამბიცია, გზა გაეკვალა ახალი დემოკრატიებისთვის, თუმცა დღეს მან უარი თქვა მის მთავარ საწყისებზე, კონსტიტუციურ წყობაზე, ინდივიდის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სხვათათვის ბრძოლაზე. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი მმართველისთვის არ არსებობს თავისუფალი სიტყვა და პროტესტი, როგორც მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატულება.
ყოფილმა პრეზიდენტმა და დღეს – მეფემ, მედიას, საზოგადოებას ომი გამოუცხადა. უნივერსიტეტებს შეუმცირდა დაფინანსება, სტუდენტებს ქვეყნიდან გაყრით, ხოლო მედიას დახურვით ემუქრება წითელი “MAGA”.
დემოკრატია იცნობს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს, აღიარებს და პატივს სცემს სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს ძალადობრივი გზით მათ შელახვას. დემოკრატიის ამ პრინციპებზე უარს ამბობს ტერორისტული რუსეთი, რომლის ლიდერიც იძებნება.
ტრამპის ამერიკამ ახალი მოკავშირე აღმოაჩინა – ტერორისტული რუსეთი და უკრაინის, როგორც ომის მსხვერპლის მიმართ, ამერიკის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები, ტერორისტული ორგანიზაციის – კრემლის გზავნილების გადამღერებაა.
ჯო ბაიდენის მმართველობის პირობებში, რუსეთის, როგორც შავი ჭირის მოთხოვნათა საზღვრები შევიწროვდა და კრემლი ვეღარ ახმოვანებდა მოთხოვნებს, რადგან მას სიტყვიერ პასუხს არავინ აძლევდა, კრემლს დასავლური ტყვია პასუხობდა. ამერიკელი ვაჭრის პრო-კრემლისტურმა ვექტორმა მოცემულობა შეცვალა და ძებნილები ისევ ააღიღინა. ყასაბს კვლავ გაუჩნდა მოთხოვნები და ეს ის მოთხოვნებია, რომელსაც უკვე შტატების მეფის კაბინეტი აჟღერებს.
გეოპოლიტიკური კატასტროფაა, რომ ამერიკა უკრაინას საერთაშორისო სამართლით დაგმობილ მოთხოვნებს უყენებს, ესაა – “ტერიტორიის დათმობა”.
უკრაინისთვის, როგორც დემოკრატიისთვის და სუვერენული სახელმწიფოსთვის, ეს მოთხოვნა ანტი-კონსტიტუციურია.
რას ითხოვს ამერიკა უკრაინისგან, მეტ სისხლს?
უკრაინა ვერ გაყიდის მიწას და ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის წმინდა მიწისთვის მოკლული ადამიანების სისხლი პუტინისა და ტრამპის ხელებზე იქნება.
ვაჭარი მეფე ეტყვის უკრაინას,- არ გინდა “მშვიდობა”, დაიცალე სისხლისგან, “მე ხელები დამიბანია”.
ტრამპის ამერიკა უკანონობას, სისხლისღვრასა და ქაოსს ავრცელებს, არღვევს დემოკრატიულ წესრიგს. მოქმედების დროა,-წერს პარტიის ლიბერალ დემოკრატების თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე.