მუხრან ბურჭულაძე: პრინციპულად ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება „ჩაკრულო“-ს წელი

ქართველებო ნაბიჯ-ნაბიჯ ველევით სახელმწიფოებრიობას

ვიცი, რომ ქართული პრესა ჩემ სტატიას არ დაბეჭდავს, მაგრამ ვეცდები ჩემი მშობელი, აღმზრდელი ხალხისთვის და არა მხოლოდ, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრო.
სინამდვილე
გარდაბანში ჩატარებულ არჩევნებს "ლიბერალ დემოკრატების" ლიდერი მუხრან ბურჭულაძე ეხმაურებაპანდემიამ კოვიდ-19 ყველა ახალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა და 2021 წლისთვის მსოფლიო კრიზისმა დამატებით საფრთხეები შვა. ტერორიზმი, კონფლიქტები და ეკონომიკა მეტ კონტროლს მოითხოვს, რესურსები კი ყველასთვის შეზღუდულია. ამ პირობებში, რთულია კვაზი სახელმწიფოებში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისების მართვა და კონტროლი. ახალი დემოკრატიები სუვერენულ გზას ირჩევენ და ნაკლებად ითვალისწინებენ პარტნიორი დემოკრატიების რეკომენდაციებს, რაც ცალსახად მეტყველებს აგრესიული პარაზიტების გავლენაზე. ერთ-ერთი მძიმე შემთხვევა საქართველოა და ვწუხვარ, რომ ასეთ კონტექსტში მიწევს ჩემ სამშობლოზე საუბარი.
ლიდერი ქვეყნები, 2021 წლის მსოფლიო გამოწვევებთან გასამკლავებლად ემზადებიან, მათი დროის დეფიციტი კი პარაზიტ აქტორებს მოქმედების მეტ შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ გვესმის, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში გაცილებით მძიმე პრობლემებია, ვიდრე პანდემია და ეკონომიკური კრიზისია. პარაზიტული გავლენის ქვეყნები განვითარებული სახელმწიფოების უიმედო პარტნიორად რჩებიან.
სახელმწიფო პოლიტიკური სისტემა – ხელისუფლება, ინსტიტუტები, მედია და ბიზნესი კონკრეტული პირების ხელშია და ხალხი მოკლებულია მართვის შესაძლებლობას. ასეთ ქვეყნებში ადამიანის უფლებები უმდაბლეს ნიშნულზეა, რაც ქმნის მუდმივ გაჭირვებას, ზრდის დანაშაულის რიცხვს და სიმძიმეს, ახალისებს კორუფციას, რეჟიმები ზრდიან ხალხის დავალიანებას, საზოგადოება გადის კონსტიტუციური წესრიგიდან და მოქალაქის მნიშვნელობა დადის უბრალოდ ცოცხალ არსებამდე. სისტემის უზურპაციის გზით ვიღებთ უუფლებო საზოგადოებას.
დემოკრატიული სამყარო, საკუთარი პრობლემების მოგვარების პარალელურად, ცდილობს საერთაშორისო ხარისხის პარაზიტების შეკავებას, მაგრამ მათი ძალისხმევა უშედეგოა პარტნიორ სახელმწიფოთა ჩართულობის გარეშე, რადგან პარტნიორობა ორ და მრავალმხრივ ურთიერთობას გულისხმობს, ხოლო ცალმხრივი თანამშრომლობა არ არსებობს. როგორც აღვნიშნეთ, კვაზი სახელმწიფოთა ინსტიტუტები უზურპირებულია, ხოლო საზოგადოება უუფლებო, რის გამოც მეგობარი დემოკრატიები ვერ ახდენენ პარტნიორი ქვეყნების მოსახლეობასთან კომუნიკაციას და მათი ინტერესების დაცვას. ასეთ გამოწვევებს ემატება, კონფლიქტები, ოკუპაზია, რასიზმი და ჰიბრიდული ომი, რომლის მეთოდებიც პარაზიტებს კარგად აქვთ აპრობირებული.
უუფლებო ერებს არ აქვთ არჩევანის უფლება და ასეთ ქვეყნებში არჩევნები სიმბოლურ როლს ინარჩუნებს, როგორიც სახელმწიფო ჰიმნი, ღერბი ან დროშაა. დემოკრატიული სამყარო შეთანხმდა, რომ არჩევანის გარეშე არ არსებობს თავისუფლება, ხოლო თავისუფალი არჩევნების გარეშე – მშვიდობა და კეთილდღეობა. საკითხი მეტად უბრალოა, ირჩევ – ხარ მოქალაქე. მშვიდობა და კეთილდღეობა ვერ იქნება იქ, სადაც შენ გადასაწყვეტს წყვეტს სხვა.
ჩვენი სამშობლოს მდგომარეობა კრიტიკულია, იქიდან გამომდინარე, რომ სახეზეა ზემოაღნიშნული ყველა საზიანო მახასიათებელი, რომელიც უიმედო კლიმატს ქმნის. უუფლებო ერების ნაწილს საერთაშორისო პარტნიორებთან აქვს პრეტენზიები, და ნაწილობრივ თავისუფალი ხალხები მოითხოვენ პარტნიორებისგან მეტ დახმარებას, ფინანსურ შემწეობას, თავდაცვით გარანტიებს, საინვესტიციო ღონისძიებებს, კონფლიქტების მოგვარებას, ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციის პროცესში დახმარებას და ამ ქვეყნების დემოკრატიულ რუკაზე დატანას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარტნიორობა ცალმხრივი არ არსებობს. ძლიერ ეკონომიკებს და დემოკრატიებს აქვთ უამრავი საზრუნავი, და თუ დღეს თუნდაც საქართველოში, არ ვარდება ტერორისტის თვითმფრინავი, არავინ ხოცავს ადამიანებს მასობრივად ქუჩაში, შიმშილით იხოცება გაცილებით ნაკლები ადამიანი, ვიდრე ეს მოხდებოდა სხვა შემთხვევაში, სწორედ ძლიერი ეკონომიკის მქონე დემოკრატიების დამსახურებაა, რასაც საკუთარი ნებით ახორციელებენ.
ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ უუფლებობის მიზეზებზე, ვაკრიტიკოთ პოლარიზაციის, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისების შემქმნელი გარე და შიდა პარაზიტები, დავსვათ დიაგნოზი, მაგრამ მკურნალობის სრული კურსის გავლის გარეშე, დავრჩებით კვლავ უიმედო მდგომარეობაში და ჩვენი ძალისხმევა იქნება უპერსპექტივო. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის და ამასთანავე ჩვენი პარტნიორი დემოკრატიებისთვის, თავისუფალ არჩევნებს გადამწყვეტი და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჩვენი საერთო მიზანია, რომ უუფლებო ადამიანი იქცეს მოქალაქედ. ჩვენი მიზანია მივცეთ ადამიანს სახელმწიფოს მართვის – არჩევანის უფლება, რისთვისაც საჭიროა საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა, გნებავთ ბრძოლა დემოკრატიის ყველა მეთოდით.
მსოფლიო რუკაზე უამრავი სახელმწიფოა ან ვიტყოდი, პოლიტიკურ-ეკონომიკური წარმონაქმნი, რომელსაც სახელმწიფოს ნიშნები ახასიათებს. ბევრმა ჩვენგანმა არც იცის თუ რას განიცდიან ასეთ ქვეყნებში დედები, რომლებიც ქუჩაში მშობიარობენ, ბაბუები და შვილიშვილები, რომელთაც ოჯახიდან გაჭირვების გამო აგდებენ. არ გვესმის ჟურნალისტების ყვირილი, რომლებიც ადამიანებს ციხის კედლებიდან აფხიზლებენ, არ ვუყურებთ განსხვავებული ორიენტაციის ან მრწამსის მქონე პიროვნებების საჯაროდ დასჯას. ჩვენ არ გვესმის ფხენიანში ცოლ-ქმრის ჩურჩული, რომელიც ფარდის მიღმა სამყაროს ეხება, მომღიმარი და ბედნიერი ადამიანების ცხოვრებას, რაც უბრალოდ მათი ფანტაზიის ნაყოფია და ტელევიზიითაც კი არ უნახავთ. მაგრამ ასეთი უუფლებო ერები არსებობენ, მათ არ შეუწყვეტიათ არსებობა უუფლებობის ან შიმშილის გამო, ისინი არსებობენ, როგორც ირმები და მგლები, როგორც თავშესაფრის მაწანწალა ძაღლები, მაგრამ უფლებრივად მათ არაფერი აქვთ საერთო ჰუმანურ, ღირებულებებით მდიდარ, ღირსეულ ანუ თავისუფალ საზოგადოებასთან. ეს ცოცხალი ადამიანები არ იბრძვიან ადამიანის მთავარი დანიშნულებისთვის – თავისუფლებისთვის, რადგან თავისუფლება მათთვის უცხო მცნებაა, ამის გამო ვერც ჰუმანური სამყარო უწვდის მათ დახმარების ხელს.
პერსპექტივა
საბჭოთა იმპერიის დაშლამ საქართველოს და კავკასიას მისცა ჩამორთმეული ისტორიული ფუნქციის აღდგენის შესაძლებლობა, რამაც აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკონომიკებს მისცა ახალშობილ სახელმწიფოებთან ერთად განვითარების იმედი. მათ შეიმუშავეს მსოფლიოს უახლესი გეოპოლიტიკური სტრატეგია, ეკონომიკური, თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის საერთო გეგმა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი სამშობლო მოხვდა პოტენციურ პარტნიორთა სიაში, რასაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის 9 აპრილის აქტი დაედო საფუძვლად. ძლიერ ეკონომიკებს გაუჩნდათ იმედი, რომ უუფლებო საბჭოთა ადამიანი დაიბრუნებდა მოქალაქის სტატუსს. არ დაგღლით იმ ისტორიული დეტალების შეხსენებით, რომლებიც მოპოვებულ სახელმწიფოებრიობას დღემდე უქმნიან საფრთხეს. საერთაშორისო ხარისხის და შიდა პარაზიტებს მიეცათ დღემდე არსებული კრიზისების ხელოვნურად შექმნის შესძლებლობა, რომელთა შესახებაც პირველ თავში ვისაუბრე.
მეგობარი დემოკრატიები იმედის თვალით შეჰყურებენ ჰორიზონტს, მაგრამ დასავლური გზავნილი დღემდე „ჩაკრულო“-ს მსგავსად იკარგება სამყაროში და არ ჩანს ცივილიზაციის გამოძახილი. გზავნილი მარტივია,- არის აქ მოქალაქე?
ჩამოვთვლი რამდენიმე სიკეთეს, რომელსაც ცივილიზაცია გზავნილის მიმღებ ადრესატს – მოქალაქეს ჰპირდება;
მოქალაქე შექმნის კანონს და თავად დაემორჩილება მას, ანუ მოქალაქეთა თანაცხოვრება აღადგენს კონსტიტუციურ წესრიგს;
შედგება საზოგადოება, ის გახდება ჰუმანური და მიმზიდველი;
ჰუმანური და კანონმორჩილი საზოგადოება ნიშნავს, რომ კორუფცია და დანაშაული აღიგვება პირისაგან მიწისა და გაჩნდება სუვერენული ეკონომიკის ნიშნები;
პოლიტიკურ-სამართლებრივი, ან ისტორიულ-გეოგრაფიული წარმონაქმნი, ტერიტორია შედგება დემოკრატიულ სახელმწიფოდ;
დემოკრატიულ სახელმწიფოს და საზოგადოებას აუცილებლად მიაგნებს „ჩაკრულო“ და დაიწყება პარტნიორობა – მრავალმხრივი თანამშრომლობა (სამართლებრივ, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვით, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საკითხებში);
პარტნიორების ხელშეწყობით (არა ცალმხრივად) აღდგენილ იქნება კონსტიტუციური წესრიგი პარაზიტების მიერ ოკუპირებულ/კონტროლირებად ტერიტორიაზე, აღდგება ტერიტორიული მთლიანობა;
დემოკრატია იქცევა აზია-ევროპის გლობალური ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად და იმოძრავებს ცივილიზაციის ორბიტაზე, რაც ნიშნავს, რომ მასზე ვერ ექნება პირდაპირი გავლენა საერთაშორისო პარაზიტს;
შემდგარი სახელმწიფო და საზოგადოება მდიდარი და ჰუმანურია, ის აფართოვებს პარტნიორთა წრეს, უსაფრთხოების საზღვარს და თავად გზავნის „ჩაკრულო“-ს.
კეთილშობილი საზოგადოებების „ჩაკრულო“ ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ არ გვესმის, რადგან პარაზიტები მის ჰანგებს ახშობენ, მაგრამ თუ ადამიანს აქვს მოქალაქის ელემენტარული უნარ-ჩვევები, ის აუცილებლად გაიგონებს და პასუხსაც გასცემს ცივილიზაციას.
ვწუხვარ, რომ სინამდვილის გადმოცემა მეტად მძიმე ფორმით მიწევს, მაგრამ სინამდვილე, მერწმუნეთ გაცილებით მძიმეა და მტკივნეული ვიდრე აღვწერე. უმეტეს შემთხვევაში კი ადამიანი ექიმს არ მიმართავს თუ მას არაფერი სტკივა. მე არ ვენდობი ექიმს, რომელიც პაციენტს დიაგნოზს უმალავს და სჯერა, რომ ამით სიკეთეს სჩადის. უნდა გვჯეროდეს ექიმის, რომელიც ღიად გვეტყვის, რომ მდგომარეობა საგანგაშოა, მაგრამ ბრძოლად ღირს.
მწამს ჩემი მშობელი ხალხის და ამ ხალხში ისტორიული უნარ-ჩვევების არსებობის. სწორედ ჩემი აღმზრდელი საზოგადოების მიმართ ნდობა, მაძლევს სასიცოცხლო ენერგიას და ბრძოლის სურვილს, რადგან ასე მესმის, რომ სიცოცხლე არაა მხოლოდ არსებობა, რადგან მაქვს იმედი, რომ „ჩაკრულო“-ს კვლავაც ღიღინებს მისი ავტორი ერი. კვლავაც პრინციპულად ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება „ჩაკრულო“-ს წელი.

 

მუხრან ბურჭულაძე
ნიუ იორკი 12.10.2020

banner
წინა სტატიაში25 წლიანი უმწიკვლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთ საათში ჩაიდო სამარეში – ნიკა გვარამია ISFED-ზე
შემდეგი სტატიამილიარდელ ადამიანს მოსყიდვაც უჭირს – ნატო ჩხეიძე