17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

მუხრან ბურჭულაძე: “ნუ მეძებთ, ვაღიარებ, მე ვარ დიფსთეითი!”

გაუთავებელმა გლობალურმა თუ ლოკალურმა ქაოსმა, რელიგიურმა ძალადობამ, ტერიტორიულმა და ეკონომიკურმა კონფლიქტებმა, გაბატონებული მმართველი კლასის მიერ ძალაუფლების უზურპაციამ, უმრავლესობის ტრადიციულმა ტირანიამ და საზოგადოების ან ინდივიდის ჩაგვრამ, სისტემამ სადაც დიქტატორი მართავდა ზემოდან – ქვემოთ, კეთილდღეობა და მშვიდობა მიუღწეველი გახდა, ასევე ადამიანთა შორის ურთიერთობების მოუწესრიგებლობამ – უსამართლობამ, უუფლებობამ, დამპყრობელთა მიერ დაპყრობილ ქვეყნებში მარიონეტი მმართველების ხელდასხმამ, საგარეო ხარკმა კაცობრიობას წესრიგის დამყარება აიძულა.

სამართლის უზენაესობის პრინციპი იქცა კაცობრიობის უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტად. მოხდა დათქმა მართვაზე “ქვემოდან-ზემოთ” პრინციპით, ნაცვლად მანამდე არსებულისა – “ზემოდან-ქვემოთ”.
შეიქმნა კანონი და სამართალი საერთაშორისო მასშტაბით, ნორმათა ერთობლიობა, იგივე ნორმატიულ-რეგულირებადი სისტემა, რომელმაც ცივილიზებული, სამართლიანი, ჰუმანური წესების მაღიარებელი სუვერენული სახელმწიფოები დაავალდებულა, მოეყვანათ საკუთარი კანონმდებლობა, საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში. საფუძველი ჩაეყარა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, რომელიც გამყარებულია კანონისმიერი პასუხისმგებლობით და ურთიერთპატივისცემით. ამრიგად კაცობრიობის დიდმა ნაწილმა შევძელით დაგვეძლია უსამართლობა და აღვირახსნილობა პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ პირად ურთიერთობებში, მხოლოდ და მხოლოდ სამართლის ჩარჩოებში ჩვენი თავისა და ურთიერთობების მოქცევით.

ადამიანმა შექმნა კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლო, კანონშემოქმედებისა და მისი აღსრულების, ასევე ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, შეიქმნა ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა სიტყვის, გამოხატვის, არჩევნების, სასამართლოს თავისუფლება, გაჩნდა სისტემის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის აუცილებლობა (დისპერსირებული სისტემა), საზოგადოებამ შექმნა არასამთავრობო (ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი) ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, რომლებიც არ აძლევენ ძალაუფლების მქონე, მმართველობის განმახორციელებელ ორგანოებს, ადამიანის უფლებათა შელახვის, კორუფციის, ძალადობის, სისტემის უზურპაციის შესაძლებლობას, ამ ყველაფერ ზემოხსენებულს ეწოდა დემოკრატია, ლიბერალური დემოკრატია, სისტემა რომლის პირობებშიც ადამიანი აკონტროლებს და მართავს მმართველს – მარტივად კი მართვა “ქვემოდან – ზემოთ”, ან სულაც სამართლიანი წესრიგის იმუნური სისტემა.

მმართველებს, რომლებიც მართავდნენ ხალხსა და ქვეყანას საკუთარი მორალით და ავტორიტეტით, მაგრამ არა – სამართლიანი გამჭვირვალე სისტემით, კანონის უზენაესობით, შეეზღუდათ ძალაუფლება, ისინი ვეღარ იქცევიან თავაშვებულად, შეექმნათ დისკომფორტი, რადგან დემოკრატიის მაღიარებელ სისტემებთან ვერ აწარმოეს თანასწორი ურთიერთობა, მოაკლდათ შემოსავალი – ფუფუნება, მოექცნენ იზოლაციაში ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციათა დაკვირვების ქვეშ, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებამ, დემოკრატიული წესრიგის, მშვიდობის, კეთილდღეობის, საზღვრების უცვლელობის, კორუფციის, სხვა სახელმწიფოთა შიდა პოლიტიკურ პროცესში ჩაურევლობის პრინციპის მაკონტროლებლად დააფუძნა. იზოლირებულმა დიქტატორებმა ბევრგან მარცხი განიცადეს ჩაგრული საზოგადოების პროტესტის გამო, ისინი დაამხეს, ხოლო ზოგ მოქმედ დიქტატორს დამხობა ელის, თუ ეს “გახრწნილი ენჯეოები და საერთაშორისო ორგანიზაციები გააგრძელებენ მათი საქმეების შესწავლას და გასაჯაროებას”.

ასე დამყარდა გლობალური დემოკრატიული წესრიგი, რის შესარყევადაც ავტოკრატი მმართველები ძალ-ღონეს არ იშურებენ, პროპაგანდით, საკუთარი დაჩაგრული მოქალაქეების იზოლაციით და ზოგჯერ იარაღის ძალითაც კი.

დიქტატორები ხშირად და ღიად ვერ ბედავენ დემოკრატიული სისტემის კრიტიკას, ისინი აძულებენ საკუთარ მოსახლეობას გლობალურ დემოკრატიულ წესრიგს, მაგრამ ფრთხილად და ფრაგმენტულად.

მაგალითად;

* საზიზღარი რეგულაციები;
* გაუთავებელი არჩევნები;
* არამკითხე საერთაშორისო ორგანიზაციები;
* დაუმორჩილებელი სასამართლო;
* მოგზავნილი მედია;
* სეპარატისტი – აქტიური მოქალაქეები და არასამთავრობო სექტორი (აქტივისტები);
* უცხო ქვეყნის მსახური ოპოზიცია;
* დაუმორჩილებელი ბიზნესი;

აბსოლუტური, განუსაზღვრელი ძალაუფლების მოტრფიალე კორუმპირებულმა ლიდერებმა, პარტიებმა, მოქმედმა მოძალადე დიქტატორებმა, მათმა რეჟიმებმა გლობალურ დემოკრატიულ წესრიგს – კაცობრიობის იმუნურ სისტემას შეარქვეს “დიფსთეითი”.

დემოკრატიას მოწყურებულმა ხალხებმა და განსაკუთრებით დემოკრატიებმა იციან დემოკრატიული იმუნიტეტის ფასი, შესაბამისად ცალკეული დიქტატორები ვერ კიცხავენ დემოკრატიას, რადგან ეს უკანასკნელი სასიცოცხლო მნიშვნელობის საგანძურად იქცა ადამიანისთვის, ამიტომ ავტოკრატებმა და აბსოლუტური ძალაუფლების მოტრფიალე ლიდერებმა, ზოგადსაკაცობრიო წესრიგის – დემოკრატიის საკიცხავად შეარჩიეს სიტყვა “დიფსთეითი”.

დიქტატორები ხან თავისუფალ მედიაში ეძებენ დიფსთეითის კვალს, ხან მოსამართლეებს ცვლიან, დიფსთეითის აგენტურისგან სასამართლოს გასაწმენდად, ხან ბიზნესს უწოდებენ დიფსთეითის დამფინანსებელს ან აუქმებენ არასამთავრობო პროექტებს, რომლებიც დემოკრატიულ ღირებულებებს აღვივებდნენ საზოგადოებაში და სხვა ქვეყნებშიც კი. დიქტატორები არასამთავრობო ორგანიზაციებს დიფსთეითის მსახურებს უწოდებენ, მათი დისკრედიტაციის მიზნით, ლანძღავენ ყველას ვინც დემოკრატიას ქადაგებს, ხურავენ მედიას, რომელიც დიქტატორების თავაშვებულობას ასაჯაროებს. ავტოკრატები ორგანულად ვერ იტანენ დემოკრატიას, წესრიგს რომელიც მათი მზაკვრული გეგმების განხორციელებას ზღუდავს, ზღუდავს სისტემის უვადო უზურპაციას და კორუფციას, ზღუდავს ქვეყნების დაპყრობას, უსამართლო ომებს, ადამიანების უკანონო პატიმრობას, ჩაგვრას, დეპორტაციას, მასობრივ ტერორს და პროპაგანდას, როგორც ძალადობის ერთგვარ გამოვლინებას.

ამრიგად, დიფსთეითი დემოკრატიული სისტემაა, წესრიგი, რომლის პირობებშიც, შენ, მე და ის ვმართავთ სამართლიანად, ხოლო დიფსთეითის მტერი – მოძალადე, კორუმპირებული დიქტატორი.

ვფიქრობ, შეძლებისდაგვარად გასაგებად ჩამოვაყალიბე.
•დემოკრატია – მართვა ქვემოდან – ზემოთ, შეზღუდული მმართველი და თავისუფალი – ადამიანი;
•ავტოკრატია – მართვა ზემოდან ქვემოთ, შეზღუდული საზოგადოება, თავაშვებული რეჟიმი;
•დიფსთეითი – დემოკრატია, თავისუფლების იმუნური სისტემა, სამართლიანი წესრიგი;

შესაბამისად დიფსთეითს ვერასოდეს მიაგნებს მისი მაძიებელი და ვერ გააქრობს, რადგან დიფსთეითი ხარ შენ, დიფსთეითი ვარ მე, დიფსთეითია ყველა ადამიანი, რომელიც თავისუფლებას ეტრფის და იცავს წინაპართა სისხლით მონაპოვარ სისტემას.

მაშასადამე, ჩვენს სინამდვილეში მარტივად შეცნობადია მსოფლიოს ზოგიერთი მმართველის გეზი და განზრახვები, ასევე მარტივია დაინახო ამ სარკეში შენი თავი, ხარ თავისუფალი ინდივიდი თუ საკუთარი თავისუფლების მტერი.

დიქტატორისთვის დემოკრატია დიფსთეითია. დიფსთეითია ყველა სიკეთე, რაც კი კაცობრიობას აქამდე შეუქმნია, დიფსთეითია მოძალადე რეჟიმების სამიზნე.

მაშ დღესვე ვაცხადებ, ახლა და აქვე:

მე ვარ ლიბერალი, მე ვირჩევ, მე ვიცავ სხვათა უფლებებს, მე ვაკონტროლებ, ვმართავ და ვაფინანსებ, ვაღიარებ სამართლიანი თავისუფლების წესრიგს, მაშასადამე მე ვარ დიფსთეითი.

ჩვენება დაწერილია ჩემ მიერ, წავიკითხე, ვეთანხმები შინაარსს და ვაწერ ხელს.

მუხრან დიფსთეით ბურჭულაძე

banner
წინა სტატიაშითბილისში ავტომობილი დაიწვა – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიაჩილეში ტყის ხანძრებს, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ევაკუირებულია 20 000-ზე მეტი მოქალაქე