მუხრან ბურჭულაძე: ჩვენ გვინდა ნატო და ევროპა, მაგრამ არ უნდა ვიყოთ დამატებით ტვირთი მოკავშირეებისთვის

ბურჭულაძე მუხრან

“ჩვენ გვინდა ნატო და ევროპა, მაგრამ არ უნდა ვიყოთ დამატებით ტვირთი მოკავშირეებისთვის”, – ამის შესახებ პარტია “ლიბერალ-დემოკრატების” ლიდერი მუხრან ბურჭულაძე აცხადებს.

ბურჭულაძის თქმით, რუსეთი ჩვენი პრობლემაა და უნდა ვიდგეთ სწორ მხარეს.

“ჩვენ გვინდა ნატო და ევროპა, მაგრამ არ უნდა ვიყოთ დამატებით ტვირთი მოკავშირეებისთვის.
დღეს რომ ნატოს წევრი ქვეყანა ვყოფილიყავით, ამ ორგანიზაციას მხოლოდ ტვირთად დავაწვებოდით.

უკრაინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას, მაგრამ საქართველოდან მესმის მხოლოდ ერთი – “როგორ იმოქმედებს ამერიკა”.

რატომ მხოლოდ ამერიკა?

საქართველოდან სულ ათას კილომეტრში რუსული ჯარია მობილიზებული და ჩვენს მოკავშირეს განადგურებით ემუქრება. რუსული ტანკი ემუქრება უკრაინას, ევროპას, შეერთებულ შტატებს, სრულიად ცივილიზებულ სამყაროს და საქართველოსაც მათ შორის.
ან ვართ ცივილიზაციის ნაწილი ან არა.

რუსეთი ჩვენი პრობლემაა და უნდა ვიდგეთ სწორ მხარეს.
საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი. თუ ვთვლით, რომ რუსული არმია საფრთხეა – ვემზადებით საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ თუ რუსის ტანკი საფრთხე არაა, შევწყვიტოთ დასავლეთზე ოცნება.
ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო არაა ვალდებული აკეთოს ჩვენი გასაკეთებელი და თუ ვინმე უნდა მოქმედებდეს, ეს საქართველოა.

უკრაინიდან ჩვენგან ბევრად შორს მყოფი ქვეყნები საბრძოლო მზადყოფნას აცხადებენ.
სად არის ნატოს მოკავშირე საქართველო?

ახლა ქართული არმია საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს მოყვანილი, უნდა მონაწილეობდეს მოკავშირეებთან საერთო წრთვნებში, მაგრამ როგორც ჩანს, სამწუხაროდ ქვეყნიდან ევროპელი დიპლომატების გაყრა და ენერგეტიკა ბევრად მნიშვნელოვანი საკითხებია.

არჩევანი ჩვენზეა”,- აცხადებს ბურჭულაძე.

banner
წინა სტატიაშიკრამონი იმედოვნებს, რომ მხარეები შეთანხმებას ამჯერად მაინც შეძლებენ
შემდეგი სტატიამინაშვილი: ამ ფორმით თუ იქნება დოკუმენტი, ხელმოწერა პრობლემატური იქნება