მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ცხინვალის ციხეში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული ქართველი სამხედრო, წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის ომის დროს გარდაცვლილი ჯარისკაცები არიან დაკრძალული, ცოტახნის წინ გადაასვენეს.
არჩილ ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.
ყოფილი სამხედრო 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს კი საოკუპაციო რეჟიმმა გაავრცელა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა.
ამ პერიოდის განმავლობაში, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები გაასაჯაროვა და თქვა, რომ ტატუნაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.
თუმცა ქართველ ჯარისკაცს არაერთი დაზიანება აქვს მიყენებული, რაც მის წამებაზე მიუთითებს.
ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

 

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია : ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელები დაუსჯელები არ დარჩებიან
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად თამარ ონიანი აირჩიეს