მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ

2 008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას დღეს პატივს მიაგებენ.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.

412 დაღუპული, მათ შორის, 169 ჯარისკაცი; 1 747 დაჭრილი; 130 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 30 ათასი დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; 35 ათასი განადგურებული სახლი; მიწასთან გასწორებული 53 ქართული სოფელი; რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებული ხუთი ხეობა და 125 სოფელი; საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართების მიღმა, – ეს აგვისტოს ომის შედეგებია.

ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლი ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში გახსნეს, სიტუაცია განსაკუთრებით 7 აგვისტოს გამწვავდა, დაიბომბა ნული, ავნევი, ფრისი, დვანი, რასაც 7 აგვისტოს, გვიან ღამით საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. 8 აგვისტოს დილით კი, როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა.

ქართულმა შენაერთებმა, რომლებმაც ცხინვალის ნაწილის დაკავება მოახერხეს, რუსული ავიაციის იერიშის შედეგად უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა ქალაქი გორი, ფოთის პორტი, სენაკის და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. დე ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა ასევე დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი.

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა.

ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა.

2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს.

banner
წინა სტატიაშიაგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა
შემდეგი სტატია3 376 ახალი შემთხვევა, 30 გარდაცვლილი – კორონავირუსის სტატისტიკა