მწვავე კითხვები „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ უნდა დაისვას, რადგან პროცესი, რომელიც წინა ხელისუფლებამ ჰააგაში დაიწყო, 2011 წელს მარცხით დასრულდა

ყველაფერი კეთდება, რომ ჰააგის სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ჰააგის სასამართლოში დაწყებული პროცესი 2011 წელს მარცხით დასრულდა, რის გამოც კრიტიკული კითხვები სწორედ მათი მისამართით უნდა დაისვას.

„ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ფორმატში საქართველოს ინტერესების დაცვა ყველა შესაძლო მტკიცებულებით და მექანიზმებით, რაც გაამყარებს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არის წარმოდგენილი იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობის მხრიდან.

პროცესი, რომელიც წინა ხელისუფლებამ 2008 წელს დაიწყო, საქართველოსთვის მარცხით დასრულდა 2011 წელს. სამწუხაროდ, მაშინ საკითხის კვალიფიციურად წარდგენა არ მოხდა სასამართლოში. საკმაოდ კრიტიკული კითხვები უნდა დაისვას მათი მისამართით, მაშინ, როცა ისინი კითხვებს დღეს იუსტიციის მინისტრის მისამართით სვამენ. პროკურორი ბენსუდა, რომელიც ამ საქმეზე მუშაობს, ფლობს ყველა მტკიცებულებას, რაც საქართველოს მხარისგან იქნა წარდგენილი. ყველაფერი გაკეთებულია, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესები მაქსიმალურად იქნას დაცული. მესმის დემაგოგია, რაც მოჰყვა წულუკიანის გამოსვლას. ესაა ცილისწამება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, საუბარი არ არის ჯარისკაცების მოქმედების განსჯაზე.

„პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც ამ სასამართლოს კომპეტენციაა, არ არის ტოლობის ნიშნის დასასმელი ჯარისკაცებთან, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იცავდნენ. ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ დაიცვას ქვეყნის ინტერესები. იმედი მაქვს, ქვეყნის ინტერესებისა და ჩვენი პოზიციების სიმყარის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება დამტკიცება იმ საკითხების, რაზეც მთავრობა აყალიბებს სარჩელს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მოცემულ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს და საქართველოს ხელისუფლება აგროვებს და წარადგენს ყველა შესაბამის მტკიცებულებას.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ჰააგაში „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი და 2011 წლის პირველ აპრილს ეს დავა წააგო. „სტრასბურგში როდესაც ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, შემდეგ გვაქვს რამდენიმე სცენარი განხილვაში, რომ ეს 2011 წელს სამარცხვინოდ წაგებული დავა, როგორმე შევატრიალოთ და სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოვიყენოთ, როგორც ახალი გარემოება, რადგან იმ გადაწყვეტილების, რომლითაც საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ჰააგიდან დაბრუნდა, ერთადერთი შებრუნების მექანიზმი არის ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც მე უნდა ვცადო მაინც, რომ საქმე შევატრიალო“, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანია-საფრანგეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატი საქართველოს მნიშვნელოვან ადგილზე მიუთითებს
შემდეგი სტატია,,რუმინელი პარლამენტარის ბიოგრაფია მოვიძიე და მას რომ ჩემზე კარგი ეთქვა, ვიფიქრებდი, რომ ცუდად მაქვს საქმე”