,,მწამს, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე არც ერთი კითხვა შესაბამისი პასუხის გარეშე არ დარჩება”

ძალიან აქტიურ საგამოძიებო ქმედებებს ვხედავთ, რომელიც დღეს კალანდიას დაკავებით დასრულდა, ნათელია, რომ როგორც საგამოძიებო, ისე სასამართლოს განხილვის კუთხით მართლმსაჯულების აღსრულებისკენ სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა, – ამის შესახებ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, შსს ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით ძალიან აქტიურ გამოძიებას აწარმოებდა, მისთვის გამოყოფილი საქმის ნაწილში.

„როგორც პირველი, ასევე სააპელაციო ინსტანციების სასამართლოთა გადაწყვეტილებებმა შექმნეს შესაბამისი სამართლებრივი სივრცე, რათა ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად გააქტიურებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგინდა ერთ-ერთი პირის მიერ ჯგუფურად, თანამონაწილეობით მკვლელობა. თუმცა კონკრეტულად ვისთან ერთად ეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული. შესაბამისად, აქტიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიხეილ კალანდია დააკავეს. ჩვენ გვახსოვს, თუ როგორ მორალური პასუხისმგებლობის ქვეშ გადადგა მთავარი პროკურორი მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ყველა კითხვას არ და ვერ გაეცა პასუხი. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელსაც ოპოზიცია ხელმძღვანელობდა. ძალიან აქტიურ საგამოძიებო ქმედებებს ვხედავთ, რომელიც დღეს კალანდიას დაკავებით დასრულდა. ნათელია, რომ როგორც საგამოძიებო, ისე სასამართლოს განხილვის კუთხით მართლმსაჯულების აღსრულებისკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან იყო მცდელობა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინა.

„ამ საქმესთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული რევოლუციური სცენერებიც კი იწერებოდა. საზოგადოება ხელისუფლების განწყობებს და მოქმედებებს ძალიან კარგად ხედავს. რომელიც მართლმსაჯულების აღსრულებისკენ არის მიმართული. ასევე ოპოზიციის ნაბიჯებს, რომელიც მუდამ ცდილობდა, ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინა. ჩვენ ამ საქმეზე გამოძიების სრულად დამთავრებას დაველოდებით. ერთი ინსტანციის სასამართლო კიდევ არის დარჩენილი. მე ღრმად მწამს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა შესაბამისი პასუხის გარეშე ჩვენს საზოგადოებაში არ დარჩება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დააკავა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გუშინ განაჩენი გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განცხადების თანახმად, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დ.ს.-ს (დავით სარალიძე) განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პასუხების მიღება გამოძიების ინტენსივობამ განაპირობა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის განცხადება დავით გარეჯში პრემიერთან შეთანხმებული იყო – პრეზიდენტის პრესსპიკერი