“მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან პრობლემების მოგვარების რესურსი ხელისუფლებას არ გააჩნია”

უპირველესი პრობლემა, რომელიც ქვეყანას სერიოზულ საფრთხეს უქმნის არის ოკუპაცია და არ შეიძლება მისი გათანაბრება ნებისმიერ სხვა, თუნდაც საზღვრის დემარკაციის პრობლემასთან, მეგობრულად განწყობილ ქვეყანასთან, როგორიც აზერბაიჯანია ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომლითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„უპირველესი და სტრატეგიული პრობლემა, რომელიც ქვეყანას უქმნის სერიოზულ საფრთხეს არის ოკუპაცია და არ შეიძლება მისი გათანაბრება ნებისმიერ სხვა პრობლემასთან, თუნდაც საზღვრის დემარკაციის პრობლემასთან, მეგობრულად განწყობილ ქვეყანასთან, როგორიც არის აზერბაიჯანი. ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება პოლიტიკურ ფორმატში, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც არც მეგობრულად განწყობილ და არც მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან პრობლემების მოგვარების რესურსი არ გააჩნია.

განსაკუთრებით ამის რესურსი არ გააჩნია ე.წ. პრეზიდენტს, რომელიც არის ბუტაფორია და საპრეზიდენტო სკამი ივანიშვილმა უყიდა. ნებისმიერ საკითხს, რომელსაც ის ეკარება აფუჭებს, სკანდალად აქცევს და სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“ ,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი ვერ მოუწოდებს ვერც ერთ საერთაშორისო პარტნიორს, როგორი კრიტიკა უნდა გააჟღერონ მათ.

„ივანიშვილის წარმოსახვაშია, რომ მას შეუძლია წინასწარ დაწეროს და განსაზღვროს, ვის როგორი კრიტიკა უნდა ჰქონდეს, მათ შორის განსაზღვროს ოპოზიციის რიტორიკა“ ,- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაში“ფსევდო პროდასავლური მიხეილ სააკაშვილი კოლონიალიზმზე ლაპარაკობდა, როდესაც დასავლეთზე ჰკითხეს”
შემდეგი სტატიაფეხით ბანძიდან სვეტიცხოვლამდე