მტრები არ მყავს, ვინც ეს ჩაიდინა, დედის და მამის ფასი არ იცის – გარდაბანში სასტიკად მოკლული მოხუცი ცოლ-ქმრის შვილი

გარდაბანში ორი მოხუცის სასტიკი მკვლელობიდან ხუთი დღე გავიდა, თუმცა პოლიციამ ვერც ერთი ბრალდებულის დაკავება ვერ მოახერხა. ცოლ ქმრის დასახიჩრებული ცხედრები აბაზანასა და საპირფარეშოში იპოვეს.

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. სამართალდამცველებმა უნდა დაადგინონ, იყო თუ არა სასტიკი მკვლელობა შეკვეთილი. ერთ-ერთი ვერსიით, მოკლულების შვილს კრიმინალურ ავტორიტეტებთან პრობლემები ჰქონდა, რასაც მისი მშობლების მკვლელობა მოჰყვა. მკვლელმა კედელზე წარწერა დატოვა „ედიკ გელოდებით.“

ედიკ მუსაევი რუსეთიდან საქართველოში უკვე დაბრუნდა . მისი თქმით, მას მტრები არ ჰყავს და არც ბიზნეს ინტერესები გააჩნია. მუსაევი კატეგორიულად უარყოფს ამ საქმეში კანონიერი ქურდების ჩართვას. კედელზე მისი სახელის დაწერას კი სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მცდელობას უკავშირებს.

„აგიხსენით, რომ მტრები არ მყავს. რაც შეეხება ამ ტრაგედიას, ვინც ეს ჩაიდინა, არც დედის და არც მამის ფასი იცის. ყველაზე მეტად იმაზე ვწუხვარ, რომ კარზე ჩემი სახელი იყო დაწერილი. არ ვიცი, რატომ დაწერეს. ალბათ, კვალის დაფარვის მიზნით. რაც შეეხება სახლიდან ფულის წაღებას, ასეთი ფაქტი იყო, მაგრამ ზუსტად არაფერი ვიცი. მე ბიზნესი არ მაქვს. ჩემი ძმები კი ძველი მანქანების გაყიდვით არიან დაკავებულები. პოლიციამ მეც დამკითხა, როგორც სხვები, სხვა ვერაფერს გეტყვით,“ – განაცხადა მოკლული მოხუცების შვილმა, ედიკ მუსაევმა.

მოკლულების მეზობლები მომხდარის მიზეზებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ერთ-ერთი მათგანი კონკრეტულ ფაქტს იხსენებს, რა დროსაც, ედიკ მუსაევს სხვა სოფელში კონფლიქტი მოუხდა, მისი მეგობარი კი დაჭრეს.

„მოკლულების შვილებთან ერთად ვარ გაზრდილი. ძალიან კარგი ხალხია და არც მტრები ჰყავთ. გაოცებულები ვართ, ეს როგორ მოხდა, ან ვინ და რატომ ჩაიდინა. სამართალდამცველების იმედი გვაქვს, ალბათ, მალე დაიჭერენ. ამ საქმეში კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ თუ არა ჩართული, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი რაც ვიცი, არის ის, რომ მოკლულების შვილმა ედიკამ სოფელ ქოსალარში, დაახლოებით, ერთი თვის წინ იჩხუბა და მისი მეგობარი დაჭრეს, თუმცა არ მჯერა, რომ ეს ჩხუბი შეიძლება კავშირში იყოს ამ ტრაგედიასთან,“ – განაცხადა მოკლულების მეზობელმა.

ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ დამნაშავეების ვინაობა მალე ცნობილი გახდება. მათი განცხადებით, სოფლის მცხოვრებლებს სამართალდამცველები კითხავენ.

„ამ ტრაგედიამ ყველა შეძრა. ვის რა დაუშავეს ამ მოხუცებმა? მოკლული ქალი ისედაც პარალიზებული იყო. მას მკვლელობის დროს კისერიც კი მოტეხეს. საშინელება მოხდა. კაცი ტუალეტში მოკლეს, თან აწამეს,“ – განაცხადა მოკლულების მეზობელმა.

banner
წინა სტატიაში„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაის მიუთითებს ფიზიკურ ტკივილზე, რომელიც გაიყუჩა, ციტრამონის მეშვეობით – კუპრავას წიხლის ამორტყმის საქმეზე დაზარალებულის ადვოკატი