მტკიცედ გვაქვს განზრახული NATO-ს სრულფასოვანი წევრობა – ღარიბაშვილი

ღრმად გვწამს, რომ შავი ზღვისპირეთის მიმართულებით ნატო-ს გაფართოება აუცილებელი პირობაა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, რომ ნატო-საც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე წერს.

პრემიერი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების 72 წლისთავს ეხმაურება.

„1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონის ხელშეკრულების ხელმოწერით დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია – ნატო.

ნატოს ფუძემდებლური პრინციპი ამბობს, რომ საზოგადოების კეთილდღეობა წარმოუდგენელია თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარეშე. მათი კოლექტიური უზრუნველყოფა პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით ორგანიზაციის უმთავრესი მიზანია.

ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა – საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი – ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ეფუძნება, რაც კონსტიტუციაშიც არის ასახული.

ალიანსთან თანამშრომლობით საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია დემოკრატიის განვითარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულყოფის მიმართულებებით.

ჩვენმა ხელისუფლებამ ეს თანამშრომლობა, დაფუძნებული პრინციპზე – „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო“-ში, კიდევ უფრო გააღრმავა და გააძლიერა.

დღეს საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო პარტნიორია. ჩვენს სამხედროებს პროფესიონალიზმითა და თავდადებით დიდი წვლილი შეაქვთ სამშვიდობო ოპერაციებში, იქნება ეს ავღანეთში „ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისია“, თუ ევროკავშირის მისიები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.

ჩვენ მზად ვართ სრულად გავიზიაროთ კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა.

მე უკვე განვაცხადე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას, რომ საქართველოს ნატო-ში დაწინაურების დრო დადგა.

ღრმად გვწამს, რომ შავი ზღვისპირეთის მიმართულებით ალიანსის გაფართოება აუცილებელი პირობაა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის; რომ ნატო-საც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი“,- წერს ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“.

banner
წინა სტატიაშიორსანტიაში სწრაფი ტესტირება დაიწყო – სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანემ არქიმანდიტრი ათინოგენი მდივანი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა (ვიდეო)