“მთხოვდნენ მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება და მასში მიტროპოლიტ დიმიტრისა და იოსებ ოხანაშვილის მონაწილეობა” – დეკანოზი მამალაძე

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ზუსტად 3 საათის წინ დაიწყო. პირველივე პროცესი, ბრალდებული დეკანოზის ხმაურიანი განცხადებებით გაიხსნა, რის შემდეგაც გიორგი მამალაძემ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

დეკანოზმა აღნიშნა, რომ დაკავების წუთიდან ის იმყოფება ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ და მას სთხოვდნენ ეღიარებინა პატრიარქის მოწამვლის მცდელობა.

„აეროპორტიდან გატაცებიდან დღემდე ვიმყოფები სისტემატიური ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. გატაცების მომენტიდან, მთელი საგამოძიებო პროცესის დროს, მიუხედავად წარდგენილი ბრალისა, ჩემი ადვოკატების თანდასწრებით მთხოვდნენ მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება და მასში მიტროპოლიტ დიმიტრისა და იოსებ ოხანაშვილის მონაწილეობა. სანაცვლოდ, ფსევდო თანამშრომლობისათვის, თავისუფლებას მპირდებოდნენ. აღნიშნულის გამო პროკურატურის თანამშრომლებსა და ადვოკატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა. სისტემატიური ზეწოლისა და დაშინების მცდელობა ჩემს ოჯახზე, მოწმეებზე და ადვოკატებზე,“ – განაცხადა დეკანოზმა სასამართლო პროცესზე.

მისივე თქმით, ზეწოლა ხორციელდებოდა მიტროპოლიტ დიმიტრიზეც და მან ამის შესახებ 2017 წლის 5 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამა გიორგი აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულება ახდენს მის რელიგიურ დისკრიმინაციას და დღემდე არ აქვს საშუალება, შეიმოსოს მისი რელიგიური სამოსით, სამღვდელო კაბით. ამასთან, მისივე თქმით, მას უფლებას არ აძლევენ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ტაძარში მღვდელმსახურება შეასრულოს.

banner
წინა სტატიაში„მიხეილ სააკაშვილი ამ ბრძოლას როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში წარმატებით დაასრულებს“
შემდეგი სტატია“მეორე დღეა უკრაინაში განვითარებული მოვლენები ბრიუსელში განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია” – სალომე სამადაშვილი