მთელი სამღვდელო და საბერო დასის ნარკოტესტირებაა საჭირო-დეკანოზი ილია ჭიღლაძე

მთელი სამღვდელო და საბერო დასის ნარკოტესტირებაა საჭირო, – ამის შესახებ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ზუგდიდში ბერის ნარკოდანაშაულისთვის დაკავებას გამოეხმაურა.

„ეკლესიის კიდევ ერთი სირცხვილი და სკანდალი მოედო საინფორმაციო სივრცეს: ზუგდიდში ბერი დაიჭირეს დიდი ოდენობით ნარკოტიკებით. ასე იცის უკონტროლო და შემთხვევითი პირების მასობრივმა აღკვეცებმა და ხელდასხმებმა… ამის მიუხედავად, ზოგიერთები მაინც მოჰყვებიან ფარისევლურ მოთქმას: „ეკლესიას ებრძვიან“, „ბოროტი იბრძვის რწმენის წინააღმდეგ“ და სხვა ასეთი ფრაზები, რომლებიც მხოლოდ თვალის ახვევაა და ნაცრის შეყრა ადამიანებისთვის. ეკლესიას ებრძვის და ანგრევს შიდა უწესრიგობა და ამორალიზმი, ესაა ეკლესიის ნამდვილი მტრები და არა კრიტიკოსები, ეს გაიგოს ყველამ. ამიტომ გადაუდებლად საჭიროა შიდა საეკლესიო ადმინისტრაციული რეფორმები, მათ შორის მთელი სამღვდელო და საბერო დასის ნარკოტესტირება. ასევე აღკვეცის და ხელდასხმის წინაპირობად ნარკო და ფსიქო შემოწმება შესაბამისი პროცედურებით. აქამდეც ბევრი ანაფორიანი დაიჭირეს, ზოგი არ გაშუქდა მედიით და უფრო ბევრი კიდევაა პასუხსაგები….“ – წერს ჭიღლაძე

ცნობისთვის, “თაიმერმა” მღვდლის დაკავების შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად გუშინ წინ გაავრცელა. ინფორმაცია თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო. გამოძიება სასულიერო პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქონას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სასულიერო პირის ადვოკატის ჯიტა გულუას ინფორმაციით, ბერი ღიარებითი ჩვენებით პოლიციაში თავად გამოცხადდა და ის დანაშაულს აღიარებს.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად საინიციატივო ჯგუფს ქმნის
შემდეგი სტატია“მაჟორიტარულ სისტემას აქვს უპირატესობები, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო სუვერენიტეტს”