მთელი პროცედურა მიზანმიმართული ქმედებაა, რომ რაც შეიძლება მეტი ხანი გავატარო გლდანის მერვე დაწესებულებაში – ზვიად კუპრავა

ზვიად კუპრავას საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა. პროცესზე ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მტკიცებულებები განიხილეს. დაიკითხა გამომძიებელი, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეა. გამომძიებლის თქმით, როდესაც ის ზვიად კუპრავას ესაუბრა დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, კუპრავამ განუმარტა, რომ შეეძლოთ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში მისულიყვნენ. გამომძიებელმა ასევე აღნიშნა, რომ ზვიად კუპრავამ მას დებატები შესთავაზა.

სასამართლო პროცესზე სიტყვით ბრალდებული ზვიად კუპრავაც გამოვიდა.

“ჩვენ ახლა მთელი ბრალდება, რაც მოვისმინეთ, არის მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის პიჟამო, მუქი ფერის ქუდი, აი, ეს არის მთელი ბრალდება. ერთადერთი, რასაც ემსახურებოდა გირაო შეცვლილიყო პატიმრობით, თორემ თვითონ პროკურორმაც კარგად იცის, რომ ამ საქმეზე განაჩენს ვერ დააყენებს, ისევე როგორც მეორე პროცესზე. მთელი ეს მათი პროცედურა არის მიზანმიმართული ქმედება, რომ რაც შეიძლება მეტი ხანი გავატარო გლდანის მერვე დაწესებულებაში. როგორც ამ საქმეში არ არის არაფერი, დამერწმუნეთ, ისევე იმ საქმეში არ არის არაფერი. აქ მუქი ფერის ქურთუკი მაინცაა და იქ ისიც არაა,” – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

პროკურატურამ დასაკითხ პირთა სიიდან ორი პირი მოხსნა. ზვიად კუპრავას ადვოკატი ამბობს, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ბრალდების მხარეს სიმართლის დადგენა არ სურს.

კუპრავას ინტერესების დამცველი ასევე გამომძიებლის ჩვენებასაც გამოეხმაურა, რომელიც დღეს დაიკითხა. ადვოკატის თქმით, ზვიად კუპრავას საქმეს ისედაც პოლიტიკური სარჩული აქვს და პროკურატურა ცდილობს, რომ ეს კიდევ უფრო გაამწვავოს. ადვოკატის განცხადებით, გამომძიებლის ნათქვამი, რომ კუპრავამ დებატები შესთავაზა, ტყუილია, მან მხოლოდ მისი ადგილსამყოფელის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შემდეგი პროცესი 17 სექტემბერს ჩაინიშნა. სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების წარდგენით განახლდება, სადაც, სავარაუდოდ, ზვიად კუპრავა დაიკითხება.

banner
წინა სტატიაში,,ბოლო წლებში ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ ხელისუფლება ცდილობდა, შეექმნა ილუზია, თითქოს რუსეთთან კარგი ურთიერთობები გვაქვს”
შემდეგი სტატიაამბოხება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდების მიზნით – პროკურატურა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს კვალიფიკაციას აძლევს