“მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა ამ ქვეყანაში და რასაც მოჰყვა ტრაგედია, ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს”

მანამდეც კი, სანამ რამე ფორმალური საბუთი გვიჭირავს, მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა ამ ქვეყანაში და რასაც მოჰყვა ტრაგედია, ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

„მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახს, მის ახლობლებს, ყველას. ეს არის საშინელი ტრაგედია. ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ არ მქონდეს ავტომატური რეაქცია, რახან ოპოზიციაში ვარ მე, მთავრობისკენ გავიშვირო ხელი, მიუხედავად იმისა, რომ აქ ავტომატურად გვქონდა საფუძველი, რომ კავშირი არსებობს იმ სამარცხვინო ძალადობასა და ამ გარდაცვალებას შორის, მაგრამ მერე ვნახე ამ მთავრობის ნაბიჯი ცხედართან დაკავშირებით, რომელმაც უბრალოდ კიდევ უფრო დამატებითი აღშფოთება გამოიწვია. ყველა შემთხვევაში, მანამდეც კი, სანამ რამე ფორმალური საბუთი გვიჭირავს, მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა ამ ქვეყანაში და რასაც მოჰყვა ეს ტრაგედია, ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს. ივანიშვილის რეჟიმმა პირველ რიგში, რომელმაც აშკარად, არამარტო წაახალისა ან არ დასაჯა მოძალადეები, პრაქტიკულად დაგეგმა და წლებია, იყენებს ასეთ ძალადობას და ამ პუტინისტურ ჯგუფებს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ოპონენტების წინააღმდეგ. მათ პირველ რიგში და შემდეგ, რა თქმა უნდა, იმ ჯგუფებს, რომლებიც მისი ინსტრუმენტი არიან და სამწუხაროდ, სასულიერო პირების უდიდეს ნაწილს, ვინც ამ შხამს თესავს, რომელსაც მერე ეს ადამიანები იყენებენ ძალადობის გასამართლებლად. მერე ამ ყველაფერს იყენებს ჩვენი ხელისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად, ჩვენი გარე მტრის პოზიციების განსამტკიცებლად ჩვენი ქვეყნის შიგნით, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების წინააღმდეგ. წლებია ეს ხდება, ოღონდ ახლა მასშტაბი შეიძინა კატასტროფული და აქამდეც იყო ნათელი სამწუხაროდ, რომ ეს უკვე დიდი მორალური ზიანი იყო, მაგრამ ამას შეიძლება, მსხვერპლი მოჰყოლოდა, როცა ამ ჯინს ბოთლიდან ამოუშვებ. სამწუხაროდ, ახლა, როგორც ჩანს, ამის შედეგად დადგა მსხვერპლი“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში ადამიანი და მისი თავისუფლება მთავრობის მხრიდან უნდა იყოს დაცული, განურჩევლად პოლიტიკური თუ ნებისმიერი სხვა კუთვნილებისა.

„ჩვენი ვალია მორალური, რომ მარტო მორალური განაჩენი კი არა, პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოვუტანოთ ამ ხელისუფლებას მისი შეცვლით. ამის გარეშე ამ ჯოჯოხეთური გზიდან ვერ გამოვალთ და ჩვენ გვჭირდება ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი არის მთავრობის ხელიდან დაცული, მისი თავისუფლება, განურჩევლად პოლიტიკური თუ ნებისმიერი სხვა კუთვნილებისა და მთავრობა, რომელიც საკუთარი ქვეყნის თავისუფლებასა და საკუთარი ქვეყნის შიგნით საკუთარი მოქალაქეების თავისუფლებაზე ზრუნავს და არა ამ თავისუფლების შეწირვით ძალაუფლების შენარჩუნებაზე, რასაც ახლა სიცოცხლე შეეწირა. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამასთან ერთად ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ ​თანმიმდევრულები, როცა ადამიანების ჯგუფს, ზოგჯერ დიდ ჯგუფს, ასეთი სატყუარებით სიძულვილის გზაზე აყენებენ, ყოველთვის სამოქალაქოდ აქტიურმა ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა თუ საზოგადოებრივმა ფიგურებმა უნდა გამოიჩინონ პრინციპულობა და სიმტკიცე, რომ არ მისცენ გასაქანი ამ სიძულვილს და გარე მტრის ამოცანებს ჩვენი ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლია: ცელოფანში რომ ჩატენეს ცხედარი, სად ეჩქარებოდათ?
შემდეგი სტატიაპარლამენტთან აქციის მონაწილეები “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალებას აპროტესტებენ