მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად ხაიშში 6 აგვისტოს ჩავლენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 31, 2018 17:34

მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად ხაიშში 6 აგვისტოს ჩავლენ

მნიშვნელოვანი

  • სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხაიშში მასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრების მოადგილეები ჩავლენ.

სხვა სტატიები

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მთავრობის წარმომადგენლები ხაიშში ორშაბათს, 6 აგვიტოს ჩავლენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.

სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხაიშში მასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრების მოადგილეები ჩავლენ.

„როგორც შევთანხმდით, კვირას უნდა შეკრებილიყო ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობა, მათ თავიანთი წინადადებები წარმოედგინათ. ამ წინადადებებიდან შეიძლება ზოგი მისაღები ყოფილიყო, ზოგი სრულიად მიუღებელი, თუმცა მაშინ შევთანხმდით, რომ ყველანაირი წინადადება დაეწერათ, იქნებ შევთანხმებულიყავით.

კვირას შეიკრიბნენ, თუმცა საერთო აზრი ვერ ჩამოაყალიბეს. ამის მიუხედავად, რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ის წინადადება, რომელიც მათ ჰქონდათ, ჩამოეტანათ ჩვენთან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ჭუბერსა და ხაიშში ჯერ კიდევ მუშაობენ თავიანთ წინადადებებზე.

„მე ვესაუბრე ჩემს კოლეგებს, მთავრობის წარმომადგენლებს, გარემოს დაცვის სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ მუშაობს წინადადებებზე, ამ წინადადებებსაც განვიხილავთ და მომავალ ორშაბათს წავალთ ხაიშში.

შეხვედრა ხაიშში 6 აგვისტოს გაიმართება. შეიძლება არ იყოს სრული კონსენსუსი, სრული თანხმობა, მაგრამ იმედია, რამეზე შევთანხმდებით. გრძელვადიან განვითარებაში ძალიან ოპტიმისტები ვართ. ჩემი აზრით, ყველაზე რთული მოლაპარაკების საგანი იქნება, თუ როგორ უნდა გადავწყვიტოთ იმ ადამიანებს პრობლემები, რომლებსაც უჭირთ, მაგრამ იმედი მაქვს, აქაც მივაღწევთ კონსენსუსს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

26 ივლისს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა ჭუბერსა და ხაიშის თემში ხის რამდენიმე საამქრო დალუქა, მოგვიანებით კი ხაიშში სპეცრაზმი შევიდა. ხაიშში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება მომავალში პრობლემის აღმოფხვრის გზებზე მსჯელობის პირობით დასრულდა. ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებას და საარსებოდ ალტერნატიულ შეთავაზებას ელოდება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 31, 2018 17:34