სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ, სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღების ფაქტზე შესწავლა დაიწყო. უწყების ცნობით, მონიტორინგის ფარგლებში ყველა საჭირო მოქმედება თანმიმდევრულად და ეტაპობრივად განხორციელდება.
აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ პროცესის ფარგლებში გამოიკითხება ყველა პირი, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, და დეტალურად შეისწავლიან ყველა შესაბამის დოკუმენტაციას.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური მონიტორინგის ფარგლებში თანმიმდევრულად და ეტაპობრივად განახორციელებს ყველა საჭირო მოქმედებას. მათ შორის, გამოკითხავს ყველა იმ პირს, ვინც შეიძლება იყოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მატარებელი და შეისწავლის ყველა შესაბამის დოკუმენტაციას“, — აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ ხელმძღვანელის, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებითა და ევროსაბჭოს დაფინანსებით გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა. არსებული ცნობებით, ღონისძიების დაფინანსებაზე თანხმობის მისაღებად ორგანიზატორებს მთავრობისთვის არ მიუმართავთ, რითაც შესაძლოა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი დაირღვა.








