კოალიცია “ძლიერ საქართველოში” აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციის საქმეში პრეზიდენტის როლს აფასებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებაზე ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია.
თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ მათ მთავარ მიზანს ახლა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება წარმოადგენს, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება მთავრობის ფორმირებაზე საუბარი.
ვაფასებთ პრეზიდენტის როლს როგორც ევროინტეგრაციის საქმეში, ისე ოპოზიციის გაერთიანების საქმეში. დღეს „ძლიერი საქართველო“ სრულად კონცენტრირებულია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ 26 ოქტომბრის არჩევნებში და ამის შემდგომ ეტაპზე კი, რა თქმა უნდა, სწორი იქნება მთავრობის ფორმირებაზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ ეს არჩევანი ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს და არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. ამიტომ, ქართველი ხალხი გააკეთებს თავის არჩევანს, – ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
გუშინ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპაში მიიღო პირობა, რომ თუ ქართული ქარტიით გათვალისწინებული ძირითადი პუნქტები შესრულდება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე სწრაფად დაბრუნდება.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ასევე განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს.