მთავრობის გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი ჩატარდება და სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა

საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი ტარდება და სპეციალური გამშვები პუნქტებია მოწყობილი, ვანის მუნიციპალიტეტი დაემატა, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში საბჭომ გაითვალისწინა ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია, ვინაიდან კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევიდან ერთი ვანის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. აღნიშნულ შემთხვევაში უკვე მიღებულია შესაბამისი ზომები და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება, თუმცა დამატებითი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საჭირო ნაბიჯების ეფექტურობას.

ვიდეოკონფერენციისას განხილული იყო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესი იმ საწარმოებში, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ ან შესაბამისი განაცხადით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს. მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, გასული ორი დღის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, ინსპექტირება ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 76 საწარმოში, რომელთაგან 14-ში ხარვეზები დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან სამუშაო პროცესისა და გარემოს შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მათ დრო მიეცათ. ანალოგიური კონტროლი ხორციელდება სამშენებლო ობიექტებზე. თბილისის მერმა კახა კალაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში უკვე შემოწმდა 130-მდე სხვადასხვა მშენებლობა. ყველა ობიექტზე, სადაც დაკმაყოფილებულია შესაბამისი სტანდარტები, სამუშაო პროცესი გრძელდება. ის მშენებლობები კი, სადაც უსაფრთხოების ზომების არასათანადო უზრუნველყოფა გამოვლინდა, ამ ეტაპზე შეჩერებულია.

შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი გრძელდება საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზეც. მუშაობის განახლებას შეძლებენ ის ბაზრები, რომელთა ადმინისტრაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სავალდებულო პროტოკოლს სრულად დააკმაყოფილებენ.

სხდომაზე განიხილეს ადგილობრივი წარმოების, მათ შორის პირბადეების წარმოების მიმართულებით არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ ქართული წარმოების პირბადეები საქართველოს მასშტაბით სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია და მასზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ეტაპობრივად გაიზრდება. საქართველოში წარმოებული დოლბანდის პირბადეების საცალო ღირებულება 0.5 ლარი იქნება.

ამასთან, აქტიურად გრძელდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის კონტროლი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესის და შესაბამისი კონტროლის ჯგუფის გაძლიერების აუცილებლობას, რომელსაც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ხელმძღვანელობს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა პროცესი კიდევ უფრო აქტიურად, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში წარიმართოს.

ამასთან, გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდება სპეციალური რეისები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. მკაცრად კონტროლდება ბილეთების გაყიდვა დადგენილ ფასად, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დღეისთვის სამშობლოში დაბრუნებულია საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა შესაბამისი მატერიალური და ტექნიკური დახმარება გაუწია 40 ქვეყანაში მყოფ საქართველოს 2 425 მოქალაქეს.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც თანდათან რთულდება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს ინფიცირების შემთხვევების ზრდის მოლოდინი, ამიტომ მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი წესები და სახლიდან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 48 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავლობითი თანმდევი და ქრონიკული დაავადებების გამო, გარდაცვლილია 3 ადამიანი, რომელთა ოჯახებს საკოორდინაციო საბჭომ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4682 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 375 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელიამ „ლუღის“ ის ნივთები გადასცა რაზეც ოცნებობდა
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქცია გრძელდება