მთავრობის დახმარება იმ ადამიანებსაც შეეხება, რომლებიც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობის დახმარება იმ ადამიანებსაც შეეხება, რომლებიც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

მისი თქმით, კომპანიის მიერ დეკლარაციის ჩაბარებისას გაირკვევა, კომპანიამ დასაქმებულები შეინარჩუნა, ან უხელფასო შვებულებაში გაუშვა თუ არა.

„რაც შეეხება კომპანიებს. აქ ძალზედ მნიშვნელოვანია, დეკლარაციის ჩაბარების დროს, მაგალითად 15 მაისს, გამოჩნდება წინა დეკლარაციებთან შედარებით კომპანიამ ადამიანი შეინარჩუნა სამსახურში თუ არა. ასევე გამოჩნდება, ადამიანი გაუშვა უხელფასო უხელფასო შვებულებაში თუ არა. მინდა, ასევე გითხრათ, რომ ეს დახმარება შეეხება ადამიანებს, რომლებიც კომპანიამ ასევე უხელფასო შვებულებაში გაუშვა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გვესმის, რომ ფორმალური დასაქმებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ნაწილში, არა მხოლოდ საქართველო, მსოფლიო დგას გამოწვევის წინაშე. ამიტომ, ჩვენი დახმარების ხასიათიც არის ექვსთვიანი. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ დახმარებას მდგრადი ხასიათი მივცეთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დახმარება იყოს მდგრადი და არა ერთჯერადი.

„რა თქმა უნდა, შეგვეძლო, პოპულისტურად გამოვსულიყავით და გვეთქვა, რომ ვეხმარებით ერთჯერადად ამდენით, არა, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს დახმარება იყოს მდგრადი. ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, საუკეთესო გამოცდილება და შესაბამისად ეს მისცემს შესაძლებლობას ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის მინიმუმი, იმ აუცილებელის მინიმუმი, რომელიც დღეს ქვეყანას შეუძლია და ყველამ კარგად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთავრობისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, ის მწირი რესურსი, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ, რათა სოციალური დახმარების სახით გავცეთ, პირველ რიგში უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად და სამართლიანად. ეს არის ჩვენი მიდგომა და შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად სოციალურად მგრძნობიარე ყველა ფენა მოგვეცვა, დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, ამ მიზანს მივაღწევთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ფაქტი გამოავლინა