მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ თანამდებობა დატოვა – განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას – უაღრესად ღირსეულ, სწორი ფასეულობების და მაღალი პრინციპების ადამიანს

მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პოზიციაზე მუშაობა, განსაკუთრებით რთული გამოწვევების პირობებში, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებდა, – ამის შესახებ ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.

სიჭინავა ასევე მადლობას უხდის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

„გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომელთა ყოველდღიურმა შრომამ შესაძლებელი გახადა ამ გამოწვევებთან გამკლავება. ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას გიხდით ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა საქმიანი ურთიერთობა და ერთობლივად ვცდილობდით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას. დარწმუნებული ვარ, ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, ვინ სად და რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყოთ, რადგან იცვლება მხოლოდ პოზიციები, მიზნები კი, რომელსაც ვემსახურებით – არასოდეს! და ბოლოს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას – უაღრესად ღირსეულ, სწორი ფასეულობების და მაღალი პრინციპების ადამიანს, განსაკუთრებული უნარების მენეჯერსა და ნამდვილ ლიდერს, რომელმაც მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მომცა. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც შევძლებთ საკუთარი წვლილის შეტანას ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებაში! წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს მთავრობას და ადმინისტრაციის მომავალ ხელმძღვანელობას“, – წერს ბერდია სიჭინავა.

banner
წინა სტატიაშივახო სანაიას თავს მისი პროფესიული საქმიანობის გამო დაესხნენ – პროკურატურა
შემდეგი სტატიაჰუმანიტარული დახმარება ფოთის ერთ-ერთ კომპაქტურ განსახლებაში მცხოვრებ დევნილებს ჩაუტანეს