მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრასა და მასთან დალაპარაკებას მოითხოვენ.
„ჩვენ მოვედით აქ, რადგან კიდევ ერთხელ ვცადოთ, რომ შევხვდეთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მას ძალიან ბევრი შეხვედრები აქვს და იცლის ყველაფრისთვის, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების გარდა. ანუ დადის დებატებზე, ხვდება სხვადასხვა თანამდებების პირებს, მაგრამ არ სცალია სასიკვდილოდ განწირული ბავშვების საკითხთან დაკავშირებით შესახვედრად. ჩვენ 5 დღე მივეცით ხელისუფლებას – თუ პასუხს არ გაგვცემდნენ დავიწყებდით უწყვეტ პროტესტს, შევიტანეთ შსს-ში განცხადება პროტესტსა და კარვების გაშლაზე, ადმინისტრაციის წინ. მინდორია და ეს არ არის ხალხის სავალი ნაწილი, ეს არის ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა შსს-მ კარვების გაშლა აგვიკრძალა და უარი გვითხრა 24-საათიან პროტესტზე, თითქოს ჩვენ აქ სასეირნოდ ვიყოთ გამოსულები. ლოგიკაში არ ჯდება, რომ სასიკვდილოდ განწირული ბავშვების მშობლებს პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ. ასეთი, რამ არც წინა ხელისუფლების, არც შევარდნაძისა და არც კომუნისტების დროს არ ყოფილა.
არანაირი დაპირება არ მიგვიღია, არც ჯანდაცვის სამინისტროსგან, არც კანცელარიიდან. მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელიც დროის გაყვანას ემსახურებოდა, ფაქტობრივად, ჯანდაცვის მინისტრს დროის გაჭიანურების ფუნქცია ჰქონდა”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
აქციის მონაწილეები თანამედროვე სამკურნალო მედიკამენტების საქართველოში შემოტანას ითხოვენ.
















